60 მილიონი ევრო 15 წლის ვადით GWP-სთვის

წყალმომარაგების კომპანია “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი” 40 მილიონი დოლარის და 25 მილიონი ევროს ოდენობის გრძელვადიან დაფინანსებას მიიღებს. შესაბამის ხელშეკრულებას კომპანიამ დღეს, 15 აგვისტოს მოაწერა ხელი. აღნიშნულ დაფინანსებას GWP- ს ნიდერლანდების განვითარების ბანკი და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოება გამოუყოფს.

აღნიშნული თანხით კომპანია პროექტებს სამი მიმართულებით განახორციელებს. თანხა მოხმარდება გამწმენდი ნაგებობების მოდერნიზაციას გარდაბანში, ასევე, წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას და ბოდორნაჰესის მშენებლობას.

კომპანიის დირექტორმა გიორგი ცხადაძემ განაცხადა, რომ ბოდორნაჰესი არაა პირველი მცირე ზომის ჰესი, რომელიც კომპანიას ექნება:

“წყალმომარაგებას სჭირდება ძალიან დიდი რაოდენობის ელექტროენერგია, შესაბამისად, ამ ჰესის მშენებლობით წყალმომარაგება უფრო სტაბილური გახდება”.

კომპანია “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი” მხოლოდ თბილისს არ ამარაგებს წყლით, ის ასევე წყალმომარაგებას უზრუნველყოფს მცხეთაში და რუსთავში.

უპრეცედენტო უწოდა აღნიშნულ ინვესტიციას პირველმა ვიცეპრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა:

“რა თქმა უნდა, ეს არის სამუშაო ადგილები, გამართული ინფრასტრუქტურა და, საბოლოო ჯამში, ეს არის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა. ძალიან მნიშვნელოვანია თავად დაფინანსების სტრუქტურა. ნიდერლანდების განვითარების ბანკიდან მივიღებთ გრძელვადიან ლარის რესურსს. ეს ფინანსური რესურსი შეამცირებს კომპანიის საოპერაციო რისკებს და გაცილებით უფრო გამართული იქნება კომპანიის ფინანსური მდგრადობა”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

აღნიშნული ინვესტიცია, რომელიც დაახლოებით 60 მილიონი ევროს ოდენობისაა, კომპანიამ 2 წლის მანძილზე უნდა განახორციელოს.

დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდა თბილისის მერი დავით ნარმანია, რომელმაც აღნიშნა, რომ ინვესტიციებით გაწეული სამუშაოების სიკეთეს ქალაქის მოსახლეობა საკუთარ თავზე იგრძნობს. კომპანია “ჯორჯიან ვოთეერ ენდ ფაუერი” ხშირად ხდება მისი მომხმარებლების კრიტიკის საგანი წყალმომარაგების დიდი ხნით და მოულოდნელად შეწყვეტის გამო.

სესხი გრძელვადიანია და 15 წელს მოიცავს. კომპანიის დირექტორის განცხადებით, სესხი დაბალპროცენტიანია და კომპანიას მისი დაფარვა არ გაუჭირდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com