ბაქო-თბილისი-ბაქოს ფრენებს დაბალბიუჯეტიანი „Buta Airways” განახორციელებს

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 1 სექტემბრიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების, “აზერბაიჯანის ავიახაზების” (“AZAL”) ნაცვლად ამავე ავიაკომპანიის სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამზიდველი „Buta Airways” შეასრულებს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, თავდაპირველად ავიაკომპანიების ჩანაცვლება 4 სიხშირეზე მოხდება, ხოლო 29 ოქტომბრიდან ყველა რეისს აღნიშნულ მიმართულებაზე „Buta Airways” შესრულებს.

“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განრიგის მიხედვით, ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან (29 ოქტომბერი – 24 მარტი) საქართველოსა და აზერბაიჯანის დედაქალაქებს შორის ავიამიმოსვლა გაზრდილი სიხშირით განხორციელდება,” – ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ფრენები არსებული 10 სიხშირის ნაცვლად კვირაში 14 სიხშირით (დღეში ორჯერ) Embraer E190 / E170 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას 9 აგვისტოს მიანიჭა.

“Buta Airways” წარმოადგენს ავიაკომპანია „აზერბაიჯანის ავიახაზების” (AZAL) სტრუქტურის ქვეშ შექმნილ ავიაკომპანიას, რომელიც დაფუძნებულია დაბალტარიფიან (Low Cost) მოდელზე და სამგზავრო საავიაციო მიმოსვლის დაწყებას 1 სექტემბრიდან გეგმავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.