ახალი ამბები

დაფუძნდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთობა “ახალი საქართველო”

15 აგვისტო, 2017 • 2445
დაფუძნდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთობა “ახალი საქართველო”

საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი პლატფორმა გამოდის, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის უკვე ემზადება.


ერთობა “ახალი საქართველო” პრაიმერიზის გამოცხადებას გეგმავს. მასში მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა პლატფორმაში შემავალი სუბიექტების გარდა სხვა პარტიებსაც შეეძლებათ.
“ახალი საქართველო” ამჟამად 15 სუბიექტს აერთიანებს. მათ შორის არიან “პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო”, “ევროპელი დემოკრატები”, “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის”, ანტისაოკუპაციო მოძრაობა, ევროპულ- დემოკრატიული ცენტრი და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებები.

“პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, გაერთიანებაში ყველა იმ ადამიანს ელიან, რომელსაც ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობის სურვილი აქვს. დაგეგმილი პრაიმერიზი კი ოპოზიციური ძალების კონსოლიდაციის კარგი საშუალებაა.  

“ჩვენი პლატფორმა არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური, შესაბამისად, ის ბევრ საინტერესო ადამიანს აერთიანებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთიანი ძალებით შეგვიძლია შევცვალოთ არსებული ხელისუფლება და სათავეში მოვიდნენ საქმის მკეთებელი ადამიანები.


რაც შეეხება პრაიმერიზს: ესაა მექანიზმი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მოვახდინოთ ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია. მივმართავ ყველას:
წარადგინეთ მერობის, მაჟორიტარების კანდიდატები. დრო ჯერ კიდევ არის.  პრაიმერი აწევს ინტერესებს ოპოზიციური ძალების მიმართ და გააერთიანებს ოპოზიციურ ხმებს. ხელისუფლებას დღეს სჭირდება დაქსაქსული ოპოზიცია. ეს მათთვის ერთადერთი გამოსავალია” – განუცხადა ვაშაძემ “ნეტგაზეთს”.

საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანების კიდევ ერთი წევრი, მამუკა გამყრელიძე ამბობს, რომ პლატფორმა თავისი არსით სრულიად ახალი ტიპია პოლიტიკური ორგანიზაციისა, რომელიც დასავლურ იდეას ეფუძნება.

“აქ შეკრებილი არიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ის თავის თავში აერთიანებს ყველა ჯანსაღ, პროდასავლურ აზრს, რომელიც არსებობს ქვეყანაში.
საქართველოში არ არსებობს პრობლემა კადრებისა, თუმცა ამის დეფიციტი შეიმჩნევა ხელისუფლებაში. ჩვენ გვინდა ისეთი სათათბირო საბჭოს შექმნა, რომელიც მოახდენს ახალი იდეების გენერირებას, მიაწვდის მას ხელისუფლებას და მოახდენს ზეწოლას მასზე.”. – განაცხადა გამყრელიძემ.

ახალ გაერთიანებაში შესვლის მიზეზებზე საუბრისას ერთიანი ოპოზიციური ფლანგის არსებობის საჭიროებას უსვამს ხაზს “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაიაც:

“მნიშვნელოვანია, ამ არჩევნებისთვისაც და სხვა შემთხვევაშიც, ოპოზიციური ძალები იდეოლოგიურად გაერთიანდნენ. უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი სისტემა, რომელიც შეცვლის ხელისუფლებას არჩევნების გზით. ამ პირობებში ამ პლატფრმის არსებობა აუცილებელია”.

ერთ-ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელსაც ახალ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაერთიანებაში ვიხილავთ, “ნარინჯისფერი ინოვატორებია”. ორგანიზაციის წევრი ნათია სტეფანიშვილი მიიჩნევს, რომ უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში. ამიტომაც გადაწყვიტეს, ერთობას შეერთებოდნენ.

“ჩვენი ორგანიზაცია დაფუძნდა რამდენიმე თვის წინ. ეს არის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც ემსახურება ახალგაზრდული იდეების განხორციელებას. ყოველთვის მზად ვართ ნებისმიერი სიახლის მისაღებად, ჩვენი კარი მუდმივად ღიაა ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ ინიციატივები, იაზრებენ გამოწვევებს და მზად არიან კონკურენციისთვის”. – გვითხრა მან.

პრაიმერიზის გამოცხადებას ერთობა “ახალი საქართველო” უახლოეს დღეებში გეგმავს.

“ახალი საქართველოს” ინიციატვას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველივე ტურში ოპოზიციის საერთო კანდიდატის წარდგენას არ ეთანხმებიან ენმ, ევროპული საქართველო, რესპუბლიკური პარტია და სხვა ოპოზიციური პარტიები, ასევე, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი