ახალი ამბები

გარემოსდაცვითი დეპარტამენტი: თელავში, მაგისტრალთან ნაპოვნ შველს სამი კიდური აქვს მოტეხილი

15 აგვისტო, 2017 • 1737
გარემოსდაცვითი დეპარტამენტი: თელავში, მაგისტრალთან ნაპოვნ შველს სამი კიდური აქვს მოტეხილი

თელავის მუნიციპალიტეტში, ავტომაგისტრალთან ნაპოვნი კიდურებმოტეხილი შვლის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით ,ცხოველმა დაზიანებები, სავარაუდოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო.

ამავე უწყების განხადებით, ვეტერინარები ამბობენ, რომ ცხოველს მოტეხილ კიდურებზე განგრენა განუვითარდა.

დეპარტამენტის ცნობითვე, შველი მათი თანამშრომლებისა და ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ სოფელ მაღრაანში რჩება და ყველა საჭირო პროცედურა ადგილზე უტარდება. ამ ეტაპზე მისი გადაყვანა არ იგეგმება, რადგან ტრანსპორტირებამ, დიდი ალბათობით, შესაძლოა ცხოველის დაღუპვა გამოიწვიოს.

“შეტყობინება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურთან შემჩნეული დაზიანებული შვლის თაობაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოვიდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები დაუყოვნებლივ გავიდნენ მითითებულ ადგილზე. შველს, რომელიც საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარედ იმყოფებოდა, სამი კიდურის ღია მოტეხილობა აღენიშნებოდა. დაზიანებები ცხოველმა, სავარაუდოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო. ვეტერინართა კონსულტაციით, მაშინვე გადაწყდა, რომ შველი ადგილზე დარჩენილიყო ტრანსპორტირებით გამოწვეული შესაძლო გართულებების გამო,”-აღნიშნულია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი