ახალი ამბები

დასაშვებ ნორმაზე მეტი ხმაურის შემთხვევაში დაგაჯარიმებენ – ნახეთ, რამდენით

15 აგვისტო, 2017 • 2968
დასაშვებ ნორმაზე მეტი ხმაურის შემთხვევაში დაგაჯარიმებენ – ნახეთ, რამდენით

დღეიდან, 15 აგვისტოდან ამოქმედდა ხმაურის შესახებ კანონი, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება მას, ვინც დღისა და ღამის საათებში ხმაურის დასაშვებ ნორმას გადაამეტებს.

კანონის მიხედვით, დღის საათებად ითვლება 08.00-დან 23.00 საათამდე, ღამის საათებად – 23.00–დან 08.00 საათამდე.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შეტანილი ცვლილებების მიხედვით, დღისა და ღამის საათებში საცხოვრებელი სახლების, კერძო საკუთრების, უძრავი ქონების და საზოგადოებრივი დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე შემდეგი სახის სანქციები მოქმედებს:

[checklist]

  • პირველ ჯერზე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს გააფრთხილებენ.
  • გაფრთხილებიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა- გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის – 500 ლარის ოდენობით.
  • დაჯარიმებული პირი თუ კიდევ ჩაიდენს ამგვარ სამართალდარღვევას, მაშინ მას დააჯარიმებენ 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირს  კი– 1000 ლარის ოდენობით.

[/checklist]

სანქციები პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებაზე:

[checklist]

  • ღამის საათებში პიროტექნიკურ ნაკეთობათა გამოყენება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის- 500 ლარის ოდენობით.
  • სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის განმეორებით და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის- 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის – 1000 ლარის ოდენობით.
  • ამ მუხლის ნორმები არ ვრცელდება 31 დეკემბრის 21 საათიდან 2 იანვრის 23 სთ-მდე, 13 იანვრის 21 სთ-დან 14 იანვრის 23 სთ-მდე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (9 აპრილი და 26 მაისი) სადღესასწაულო დღეებზე.

[/checklist]

ხმაურის დასაშვები ნორმები დადგენილია „საცხოვრებელი სახლების და საზოგადოებრივი (საჯარო) შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით.

ამ კანონის მიღებას საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 28 ივნისს დაუჭირა მხარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი