ახალი ამბები

კაცს, რომელმაც ცოლი ელექტროსადენით მოკლა, 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

14 აგვისტო, 2017 • 2084
კაცს, რომელმაც ცოლი ელექტროსადენით მოკლა, 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულ გიორგი ჯ.-ს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლოს ცნობით, ბრალდებულმა თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

საქმე ეხება, 2017 წლის 23 აპრილს თბილისში, გლდანის მე-4 მ/რნ-ში შურისძიების მოტივით მეუღლის განზრახ მკვლელობას, რა დროსაც ბრალდებულმა ცოლს ელექტროსადენის ყელზე შემოჭერით სიცოცხლე მოუსპო.

მოკლული ქალის, მირანდა ვაჩეიშვილის, ერთერთმა შვილმა, ნინო ხოსროშვილმა “რუსთავი 2”-ს განუცხადა, რომ სიკვდილამდე დედამისმა პოლიციას არაერთხელ მიმართა, თუმცა სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია:

“მუდმივად შიშის ქვეშ ცხოვრობდა. პოლიციას მეტი ყურადღება რომ გამოეჩინა, მკვლელი დიდი ხანია ციხეში იქნებოდა. თავადაც შევესწარი, როცა ფეხმძიმე დედას სცემდა. პოლიციას ყოველ ჯერზე ვრთავდით საქმეში, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია.”

მასალების გადაბეჭდვის წესი