ახალი ამბები

სააკაშვილის ადვოკატმა ჩანაწერის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

14 აგვისტო, 2017 • 1514
სააკაშვილის ადვოკატმა ჩანაწერის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა პროკურატურას მიმართა მოთხოვნით, რომ დაიწყოს გამოძიება აუდიოჩანაწერის თაობაზე, სადაც საუბარია სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე.

“დაიწყოს გამოძიება გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც შეეხება მიხეილ სააკაშვილის დევნას პოლიტიკური ნიშნით”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ბექა ბასილაიამ, მიხელ სააკაშვილის ადვოკატმა.

ბექა ბასილაიას განმარტებით, გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერში ჩანს, რომ საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები სისხლის სამართლის პროცედურებს უკანონოდ იყენებენ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ნიშნით დევნონ.

“მას დევნიან პოლიტიკური მოსაზრებების, პოლიტიკური წარსულის და აქტივობების გამო და ხელს უშლიან პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებაში”, – ამბობს ბასილაია.

ადვოკატი ამბობს, რომ ჩანაწერმა გამოავლინა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკანონოდ უთვალთვალებენ საქართველოს შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლები.

“მან [მღებრიშვილმა] მართლაც ისაუბრა დაუცველი სატელეფონო ხაზით და ეს ყველაფერი უნდა დადგინდეს. არ შეიძლება ეს საკითხი პასუხგაუცემელი დარჩეს”, – ამბობს ბასილაია.

იგი მოითხოვს, რომ დაკითხონ შს მინისტრი, პრემიერმინისტრი და პროკურატურის სხვა წარმომადგენლებიც, ვინც ჩანაწერშია ნახსენები.

მთავარ პროკურატურაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ გავრცელებულ აუდიოჩანაწერის წარმომავლობაზე, სადაც, თითქოს საქართველოსა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრები მიხეილ სააკაშვილის გადმოცემაზე საუბრობენ, გამოძიება არ დაწყებულა.

13 აგვისტოს youtube-ით გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც ნათქვამია, რომ თითქოს უკრაინის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრები მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ საუბრობენ. ჩანაწერის მიხედვით, გიორგი მღებრიშვილი უკრაინის შს მინისტრს ეუბნება, რომ სააკაშვილი საქართველოს არ გადმოსცენ.  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ “მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა”

მასალების გადაბეჭდვის წესი