ახალი ამბები

პროკურატურას შს მინისტრთან დაკავშირებულ აუდიოჩანაწერზე გამოძიება არ დაუწყია

14 აგვისტო, 2017 • 1606
პროკურატურას შს მინისტრთან დაკავშირებულ აუდიოჩანაწერზე გამოძიება არ დაუწყია

მთავარ პროკურატურაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ გავრცელებულ აუდიოჩანაწერის წარმომავლობაზე, სადაც, თითქოს საქართველოსა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრები მიხეილ სააკაშვილის გადმოცემაზე საუბრობენ, გამოძიება არ დაწყებულა.

მთავარ საგამოძიებო უწყებაში, არ საუბრობენ იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ დაინტერესდა პროკურატურა აუდიჩანაწერის წარმომავლობითა და ნამდვილობის დადგენის საკითხით.

13 აგვისტოს youtube-ით გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც ნათქვამია, რომ თითქოს უკრაინის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრები მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ საუბრობენ. ჩანაწერის მიხედვით, გიორგი მღებრიშვილი უკრაინის შს მინისტრს ეუბნება, რომ სააკაშვილი საქართველოს არ გადმოსცენ.  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ “მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა”

აუდიჩანაწერის გავრცელებას პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ, ჩანაწერი ამტკიცებს პოლიტიკურ დევნას:

“არანაირი შეხება ამას სამართლებრივ საკითხებთან ამას არ აქვს. პოლიტიკური დევნა მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ, რაც არის ზოგადად პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დევნის დიდი კამპანიის ერთი ნაწილი. ეს ყველაფერი ძალიან აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ამ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ისინი არ არიან დაინტერესებული ქვეყნის პრესტიჟით. ისნი დაინტერესებული არიან დივიდენდების მიღებით. ცალკე საკითხი არის ის, რომ ჯერ ერთი მოიტყუეს, როდესაც საზოგადოებას უთხრეს რომ არ ყოფილა ეს თემა განხილული უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის დრო და მეორე, რომ უბრალოდ საცინლად ასაგდები გახდნენ იმ ფორმის გამო, როგორც მოხდა ამ ინფორმაციის გაჟონვა,’’ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ “ვერ წარმოუდგენია ეს საუბარი ნამდვილი იყოს”.

“მოვისმინე, მაგრამ სერიოზულად არ მომისმენია, შსს-მ გააკეთა განცხადება, როდესაც მაღალი რანგის თანამდებობის პირები, რომლებიც განსაკუთრებით ასეთ სფეროებს წარმოადგენენ, როცა ერთმანეთს ეკონტაქტებიან, უზრუნველყოფილია დაცულობა, ამიტომ ცოტა ვერ წარმომიდგენია, რომ ეს საუბარი რეალურად შემდგარიყო”,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

მიხეილ სააკაშვილს ამჟამინდელი მდგომარეობით არცერთი ქვეყნის მოქალაქება არ აქვს. 26 ივლისს მას  უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ის იმ დროს აშშ-ში იმყოფებოდა და მოქალაქეობის გარეშეა დარჩენილი. შემდეგ ის პოლონეთში ჩავიდა. პოლონეთიდან კი ლიტვაში გადავიდა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 30 ივლისს განაცხადა, რომ საქართველოს მიერ უკრაინის პროკურატურაში 2 წლის წინ წარდგენილი მოთხოვნა კვლავ ძალაშია და თუ უკრაინული მხარე გადაწყვეტს, მათ შეუძლიათ ქვეყანაში დაბრუნებული სააკაშვილი საქართველოს გადმოსცენ.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 4 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში ვიზიტთან დაკავშირებით, “მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიმართაპოლონეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და დაწყებულია კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა”, თუმცა პოლონელი დეპუტატი მალგოჟატა გოშიევსკა ტვიტერისა და ფეისბუკის გვერდებზე ქართულ ენაზე ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით მათ არავითარი წერილი არ მიუღიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი