ახალი ამბები

აღმაშენებელზე ღია კაფეების ნაწილი დახურეს – ინვესტორი ქვეყნიდან შესაძლო გასვლაზე საუბრობს

14 აგვისტო, 2017 • 4517
აღმაშენებელზე ღია კაფეების ნაწილი დახურეს – ინვესტორი ქვეყნიდან შესაძლო გასვლაზე საუბრობს

აღმაშენებლის გამზირზე, რომლის ნაწილიც საფეხმავლო ქუჩად არის გადაკეთებული, 16-მა კაფემ გაფრთხილება მიიღო, რომ თუკი მათი კაფეების წინ, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე დადგმული სკამების, მაგიდებისა და საყვავილეების განთავსების კანონიერების დოკუმენტს 3 დღის ვადაში არ წამოადგენენ, 10 000 ლარით დაჯარიმდებიან.

მერიაში აცხადებენ, რომ თუკი ეს კაფეები მერიაში პროცედურებს გაივლიან, კანონიერად შეძლებენ ღია კაფეების მოწყობას, თუმცა, მფლობელების ნაწილმა დღეს გვითხრა, რომ მერიას უკვე მიმართეს, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

დუბაელი ბიზნესმენი მაჯედ ებუდი ამ 16-დან ერთ-ერთი იყო, ვინც მსგავსი გაფრთხილება მიიღო. დღეს, 14 აგვისტოს, აღმაშენებლის გამზირზე მისი “ბარი ოქსიჯენის” წინ სკამები და მაგიდები ალაგებულია, თუმცა, თავად ბარი არ დაუხურავს.

“დუბაიდან საქართველოში ბიზნესის საკეთებლად ჩამოვედი. ჩემი ქვეყნის ბანკიდან თანხები TBC ბანკში გადმოვიტანე და საქართველოში ბიზნესი დავიწყე. აქ მე ყოველდღე ვხარჯავ ფულს არა მხოლოდ ჩემი ბიზნესისთვის – ჩემი კაფესთვის ყველაფერი საქართველოში, ქართული ბიზნესებისგან შევიძინე. აქ 100 ათას დოლარზე მეტი ჩავდე.

ნებართვისთვის მივმართეთ მერიას, მაგრამ პასუხი არ გაუციათ. ამ ტერიტორიაზე, გარეთ გამოტანილი მაგიდისა და სკამებისთვის არავის აქვს ნებართვა. უსამართლოა, რომ სხვებს აქვთ მაგიდის გარეთ გატანის უფლება, ჩვენ კი – არა. ამ ქუჩაზე, ტურისტები, რომლებიც საქართველოს სანახავად ჩამოდიან, შიგნით, კაფეში კი არ სხდებიან ყავის დასალევად, არამედ გარეთ, რომ ქუჩა, ხალხი ნახონ,”- გვეუბნება ის.

ბარი "ოქსიჯენი", რომელსაც წინ გაფრთხილების მიღებამდე მაგიდები და სკამები ჰქონდა განთავსებული

მაჯედ ებუდი თავისი ბარის მომავალთან დაკავშირებით გაურკვევლობაშია და არც იმას გამორიცხავს, რომ ეს კაფე საერთოდ დახუროს და ბიზნესი სხვა ქვეყანაში გადაიტანოს. მისივე თქმით, არ იცის, თუ რა ნიშნით ამოარჩიეს მისი კაფე და მიუტანეს გაფრთხილების დოკუმენტი მაშინ, როდესაც სხვა კაფეებსაც არ აქვთ შესაბამისი ნებართვა.

“შეიძლება ჩემი ფული ავიღო და სხვა ქვეყანაში წავიდე, შესაძლოა, აზერბაიჯანში. შესაძლოა, კანადაშიც წავიდე, ან დუბაიში დავბრუნდე. ეს ყველაფერი 100 ათასი დოლარი დამიჯდა, მაგრამ, შეიძლება მხოლოდ 40 ათასად, ან 25 ათასად გავყიდო,”- ამბობს ის.

კაფე, რომლის წინაც მაგიდები და სკამები გაფრთხილების მიღების შემდეგ აალაგეს

ერთ-ერთი კაფეს მფლობელმა, ვინც სახელისა და გვარის დასახელება არ ისურვა, ნეტგაზეთს აჩვენა ის დოკუმენტი, რომელიც მერიიდან მიიღო.

ამ დოკუმენტში, რომელიც 9 აგვისტოთი თარიღდება, წერია, რომ დარღვევის გამოსწორების მიზნით კაფე ვალდებულია, რომ წარმოადგინონ მაგიდებისა და სკამების განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან საერთოდ გაიტანონ ადგილიდან ეს სკამები. ამ დარღევის გამოსასწორებლად, დოკუმენტის თანახმად, მათ 3 დღის ვადა აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, 10 000 ლარით დაჯარიმდებიან. ამ კაფეს მეპატრონემ გვითხრა, რომ ისინი 10 000 ლარის გადახდას ვერ შეძლებენ და მერიას მიმართავენ, რომ გადაუვადონ აღსრულება. ისინი ამბობენ, რომ ნებართვის მისაღებად მათ არქიტექტურის სამსახურში განცხადება უკვე შეტანილი აქვთ.

სკამები და მაგიდები, როემლიც გაფრთხილების მიღებამდე გარეთ ედგათ, ახლა ერთ-ერთ კაფეს

კაფე “ჯეკ ლონდონის” მენეჯერი, ვანო თოფჩიშვილიც “ნეტგაზეთთან” შერჩევით მიდგომებზე საუბრობს. იგი ამბობს, რომ უკვე შეტანილი აქვთ მერიაში განცხადება, რომ შესაბამისი ნებართვა მოიპოვონ.

“აქაც შერჩევითი მიდგომაა. არცერთ კაფეს არ აქვს მიღებული გარე მუშაობის ნებართვა, უბრალოდ შეირჩა 16 კაფე, რომელსაც მოთხოვეს პირდაპირ, რომ აელაგებინათ მაგიდები. არავის გამოუცხადებია პრინციპი და საფუძვლები, უბრალოდ მოვიდნენ და ჩაგვაბარეს აქტები,”- განაცხადა ვანო თოფჩიშვილმა.

თოფჩიშვილის თქმით, კაფეს მეპატრონე თურქეთის მოქალაქეა და ვერ საუბრობს, როგორ გააგრძლებენ ფუნქციონირებას მომავალში.

ბარი "ჯეკ ლონდონი"

კაფე “არიფანაში”, ვისაც ასევე აქვს კაფეს წინ განთავსებული მაგიდები და სკამები, ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ნებართვის მისაპოვებლად პროცედურა დაწყებული აქვთ და ვიზუალური მხარეც ასევე შეთანხმებულია მერიასთან.

“უკვე მიმართული გვაქვს, შეფასება მიმდინარეობს და დადგინდება. 2 თვის წინ მივმართეთ. პირველად როცა მოვიდნენ მერიიდან მაგ დროს მივმართეთ ჩვეულებრივად. მოვიდნენ, ზეპირად გაგვაფრთხილეს და გვთხვეს, რომ შეიტანეთ განცხდება ყველამ, რომ ეს ვიზუალური მხარე ჩვენ შევითანხმოთ, ყველამ არ შეიტანა – ეგ იყო პრობლემა. აქედან გამომდინარე მოჰყვა ის, რაც მოჰყვა,”- გვეუბნება კაფეს მეპატრინე თინათინ ფილია.

კაფე "არიფანა"

მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში განგვიცხადეს, რომ განახლებულ აღმაშენებელზე 34 კაფეა, საიდანაც, მხოლოდ რამდენიმე არის ნებართვის მქონე. სამსახურის უფროსი, გიორგი უკლება ნეტგაზეთთან ამბობს, რომ სხვა კაფეებიც შემოწმდება:

“ერთბაშად ამდენ ორგანიზაციაში ხომ ვერ მივალთ. დავიწყეთ ამ თექვსმეტით და გადავალთ უკვე შემდეგ თექვსმეტზე. ანუ, ნახევართან, პრაქტიკულად, ვიყავით, ახლა შემდეგთან მივდივართ. ამ დანარჩენიდან ზოგმა შეიძლება დღეს გაიტანონ ნებართვები, ზოგს აქვს ნებართვა. უნებართვოდ მანდ არ დარჩება არცერთი კაფე უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში,”- განაცხადა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი უკლებამ.

მანვე განმარტა, რომ ნებართვა ითვალისწინებს როგორც გარეთ დასადგამი კონსტრუქციის ვიზუალის შეთანხმებას, ასევე სახელმწიფოს ტერიტორიის იჯარით აღებას:

“ამ ნებართვაში თანხმდება როგორც ვიზუალი, ანუ რის დადგმას აპირებს, ასევე ზომები, ანუ რა ტერიტორია შეუძლია დაიკავოს. და შემდგომ, ამ ტერიტორიას, რაც სახელმწიფოს ტერიტორიაა, იღებს იჯარით,”- განმარტავს გიორგი უკლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი