ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ციხელაშვილი: უნდა ვიმოძრაოთ მთავარი ამოცანისკენ – ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისკენ

14 აგვისტო, 2017 • 3206
ციხელაშვილი: უნდა ვიმოძრაოთ მთავარი ამოცანისკენ – ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისკენ

“სამწუხაროდ, ჩვენ წარსულს ვეღარ შევცვლით, თუმცა ერთი რამ ცხადია: უნდა ვიმოძრაოთ მხოლოდ მშვიდობით მთავარი ამოცანისკენ – ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისკენ”, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა დღეს, 14 აგვისტოს გმირთა მემორიალთან, სადაც აფხაზეთის ომის 25 წლისთავთან დაკავშირებით მივიდა.

მინისტრი ამბობს, რომ “ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ხელოვნული ბარიკადებით გაყოფილი საზოგადოებები შევარიგოთ. ტკივილი ყველას ერთნაირად სტკივა, ქართველებსაც და აფხაზებსაც. ჩვენ გვაინტერესებს უკეთესი მომავალი, სადაც მშვიდობა მთავარი ღირებულებაა. ეს აუცილებლად გულისხმობს დიალოგს, შერიგებას და ამ გზას არ გააჩნია ალტერნატივა”.

აქვე, ქეთევან ციხელაშვილმა გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველების დისკრიმინაციაზე ისაუბრა.

“დისკრიმინაციული მიდგომა ჩამოყალიბდა ეთნიკური ნიშნით.  მათ ერთმევათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება; ექვსიდან ოთხი გადასასვლელი დახურულია. მათ საშუალება აქვთ, მიიღონ ე.წ. დროებითი ბინადრობის უფლება, თუმცა უფლებრივ ნაწილში ისინი ძალიან იზღუდებიან. ეს ეხება საკუთრების განკარგვის უფლებას, დასაქმების შესაძლებლობს და ა.შ. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს საკითხი კიდევ უფრო გააქტიურდეს დღის წესრიგში”.

25 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში ომი დაიწყო.

გმირთა მემორიალი; 2017 წლის 14 აგვისტო; ფოტო: მიხეილ გვაძაბია

გმირთა მემორიალი; 2017 წლის 14 აგვისტო; ფოტო: მიხეილ გვაძაბია

 

ქეთევან ციხელაშვილი გმირთა მემორიალთან, 2017 წლის 14 აგვისტო; ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

ქეთევან ციხელაშვილი გმირთა მემორიალთან, 2017 წლის 14 აგვისტო; ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი