ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბურჯანაძე: აფხაზებთან ჩვენს წილ შეცდომებზე ბოდიში უნდა მოვიხადოთ

14 აგვისტო, 2017 • 2178
ბურჯანაძე: აფხაზებთან ჩვენს წილ შეცდომებზე ბოდიში უნდა მოვიხადოთ

“მე და ჩემი მეგობრები ვიყავით გაოგნებულები ქართული პოლიტიკური სპექტრის რეაქციით, რომელთაც მცდელობა და სურვილი, აფხაზებთან დალაპარაკების, სამშობლოს ღალატად შერაცხეს”. – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ გმირთა მემორიალთან განაცხადა.

მისი თქმით, აფხაზებთან საუბარი და “შეცდომების აღიარება” აუცილებელია.

“აფხაზები ჩვენი თანამოქალაქეები არ არიან? მათთან ლაპარაკი სამშობლოს ღალატია? დიახ, უნდა ველაპარაკოთ. ჩვენს წილ შეცდომებზე ბოდიშიც უნდა მოვიხადოთ და პასუხიც უნდა ვაგოთ; ჩვენს წილ შეცდომებზე, ამას ხაზგასმით ვამბობ. ძალიან ვწუხვარ, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, უამრავი რიგითი მოქალაქისაგან განსხვავებით, ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა, რომ გამოეთქვა სურვილი, იქნებ ნახევარი ნაბიჯით მაინც წავიწიოთ წინ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ აფხაზეთი და სამაჩაბლო არ ტკივათ”, – თქვა მან. მანამდე, ბურჯანაძემ პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად მემორიალი გვირგვინით შეამკო და აფხაზეთის ომში დაღუპულთა მშობლებს გაესაუბრა.

ნინო ბურჯანაძემ აფხაზეთში ჩასვლის სურვილი რამდენიმე დღის წინ გამოთქვა. მის განცხადებას აფხაზური მხარე არ გამოხმაურებია, თუმცა, ბურჯანაძის ინიციატივაზე განცხადება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. 

ნინო ბურჯანაძე; ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

ნინო ბურჯანაძე გმირთა მემორიალთან; ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი; 2017

მასალების გადაბეჭდვის წესი