ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კვირიკაშვილი: დიდი იმედი მაქვს, დავიბრუნებთ ჩვენი აფხაზი ძმების გულებს

14 აგვისტო, 2017 • 3061
კვირიკაშვილი: დიდი იმედი მაქვს, დავიბრუნებთ ჩვენი აფხაზი ძმების გულებს

“მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ უდიდესი შეცდომის გამოსწორებას და მალე დადგება დრო, როცა დავიბრუნებთ ჩვენი აფხაზი ძმების გულებს და გავაგრძელებთ ცხოვრებას საუკუნეებგამოვლილი სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით ერთიან, ძლიერ საქართველოში”, – აფხაზეთის ომის დაწყების 25 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება გააკეთა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, 14 აგვისტო ტრაგიკული დღეა “ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 25 წლის წინ ვერ შევძელით ძმათამკვლელი ომის თავიდან აცილება, ჩვენსა და ჩვენს აფხაზ ძმებს შორის დაწყებულმა სისხლისღვრამ უმძიმესი შედეგები მოგვიტანა. მისი შედეგების სიმძიმე როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა.

ჩვენი ერთად ცხოვრების ისტორია სამაგალითოა და არა გვაქვს უფლება, ვიცხოვროთ ასეთ რეალობაში. ჩვენ შორის არ უნდა იდგეს უცხო ძალა, ეს საზიანოა ჩვენთვის – ქართველებისა და აფხაზებისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის”.

25 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში ომი დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი