როგორ აისახება რუსეთსა და საქართველოზე აშშ-ს ჩრდილოეთ კორეასთან დაპირისპირების გამწვავება

ტრამპის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩრდილოეთ კორეის საკითხის სიწვავემ არაერთგზის იჩინა თავი. თუმცა, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა დღის წესრიგში გაცილებით მკვეთრად დააყენა ვითარების ესკალაციის საფრთხე.
დონალდ ტრამპი ოფიციალურ ფხენიანს ღიად დაემუქრა “ცეცხლითა და მრისხანებით”, ჩრდილოეთ კორეისგან კი გუამის კუნძულზე განლაგებული ამერიკული სამხედრო ბაზების დაბომბვის ღია მუქარა გაისმა. როგორია წარსულის გამოცდილება, რამ განაპირობა ვითარების მკვეთრი დაძაბვა და როგორ აისახება შესაძლო დაპირისპირება აშშ-ს სხვა საგარეო პრიორიტეტებზე, მათ შორის რუსეთის საკითხზე? – აღნიშნულთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს, ბათუ ქუთელიას ესაუბრა:


აშშ და ჩრდილოეთ კორეა კორეის გაყოფისთანავე ურთიერთსაპირისპირო ბანაკებში იყვნენ. ჰქონია თუ არა ადგილი მსგავსი მასშტაბის ესკალაციას გასული წლების განმავლობაში?

ისტორიულ პერსპექტივაში თუ გადავხედავთ, ასეთი მასშტაბის დაპირისპირების მაგალითად, როცა საქმე ბირთვულ საფრთხემდე მივიდა, შეიძლება, კუბის სარაკეტო კრიზისი მოვიყვანოთ, თავისი პოტენციური შედეგებით. ესკალაციის დონე  ჩრდ. კორეასთან დაკავშირებით მუდმივად იცვლებოდა. სამწუხაროდ, რუსეთი ჩრდ. კორეის საკითხს იყენებდა გაეროში სხვადასხვა საკითხზე მანიპულაციისთვის და ჩინეთთან ერთად ყოველთვის ბლოკავდა მასთან დაკავშირებულ რეზოლუციებს; ცდილობდა, ვითარება თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოეყენებინა. ამიტომ, ეს საკითხი მუდმივად წარმოადგენს რეგიონში ძალთა ჭიდილის დემონსტრირებას.

ტრამპმა არაერთგზის დაადანაშაულა წინა ადმინისტრაცია უმოქმედობაში. როგორი იყო ობამას პოლიტიკა ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში? იყო თუ არა შეცდომები, რომელთა გამოც დღეს არსებული ვითარება მივიღეთ?

ჩრდილოეთ კორეა მეტად ფართო კონტექსტში უნდა დავინახოთ, როგორც ვაკუუმი რეგიონში. თავდაპირველად ობამამ პრიორიტეტად გამოაცხადა აზიის საკითხი, თუმცა ამას აღარ მოჰყოლია კონკრეტული ნაბიჯები. ანუ, გაცხადებული პრიორიტეტი აღარ გამყარებულა კონკრეტული ქმედებებით, რითაც ისარგებლეს რუსეთმა, ჩრდილოეთ კორეამ და მსგავსა რეჟიმებმა. შესაბამისად, კრიტიკას საფუძველი ნამდვილად აქვს.

ჩრდილოეთ კორეისაგან არაერთი მუქარა გაისმა ბოლო წლების განმავლობაში, ძირითადად აშშ-სა და იაპონიის შემთხვევაში. თუმცა, ბოლო განცხადების შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციამ და დანარჩენმა მსოფლიომ განსაკუთრებით სერიოზულად აღიქვა ფხენიანიდან მომავალი საფრთხე. სად უნდა ვეძიოთ მთავარი მიზეზი?

აშშ-ს პასუხი ალბათ გახდა გადამწყვეტი, რამაც საქმე ამ დონის ესკალაციამდე მიიყვანა. ამას თავისი ობიექტური მიზეზი აქვს: ჩრდილოეთ კორეამ, მიუხედავად საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებისა, უარი ეთქვა ბალისტიკური რაკეტების გამოყენებასა და ბირთვულ გამოცდებზე, მაინც გააგრძელა პროვოკაციული ქმედებები და როგორც ჩანს, უკვე დაამზადა მინიატურული ზომის ბირთვული ქობინები, რომლებიც საერთაშორისო მშვიდობას უქმნის საფრთხეს;

მეორე საკითხი არის ის, რომ ფხენიანმა გადაწყვიტა, გაეტესტა აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მზადყოფნა, გადაედგა კონკრეტული ნაბიჯები. შედეგად, პირველივე მცდელობისთანავე, აშშ-მ შესაბამისი სამხედრო მანევრით გასცა პასუხი პროვოკაციას;

კიდევ ერთი ფაქტორია რუსეთი: ის არაპირდაპირ, მაგრამ ირიბად ცდილობს კორეის რეჟიმით მანიპულირებას და საერთაშორისო ყურადღების გადატანას მასზე, როგორც მთავარ საფრთხეზე. თუმცა, ამ მხრივ ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა აშშ-ს უშიშროების საბჭოს მდივანმა, როდესაც რუსეთის მანიპულაციები და კორეის საკითხი გლობალურ ჭრილში წარმოადგინა.

ამიტომაც, შეიძლება ითქვას, რომ ვითარება ამგვარ ესკალაციამდე მიიყვანა არა ცალკეულმა მოვლენამ, არამედ რიგი ფაქტორების ერთობლიობამ.

რადგან რუსეთი ვახსენეთ, ხაზგასასმელია, რომ ის ჩრდილოეთ კორეის პარტნიორად მოიაზრება, თუმცა ხშირ შემთხვევაში, მედიატორის როლს ირგებს. შეიძლება თუ არა, ვითარების ესკალაციის შემთხვევაში ორიენტირი პარტნიორისაკენ გადაიხაროს?

რუსეთის ტაქტიკა ყოველთვის იყო და არის რაღაც პრობლემის შექმნა და მერე ამ პრობლემის მომგვარებლის როლის თამაში. ის ამ გზით ცდილობს დაიბრუნოს ლეგიტიმურობა და საიმედო საერთაშორისო მოთამაშის სტატუსი. ასე იყო, თუნდაც, საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაში. ახლაც ამ ტაქტიკასთან გვაქვს საქმე.

გამიჭირდება იმაზე საუბარი, რა მოხდება, თუ ვითარება გამწვავდა. წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ  რუსეთი მოერიდება, მეტი ვალდებულება იკისროს ჩრდილოეთ კორეისადმი. მაგალითად, როცა აშშ-მ ტომაჰავკის რაკეტებით დაბომბა სირიის სამთავრობო ძალების ბაზა, ბევრი ელოდა, რომ რუსეთი ცალსახად დაიჭერდა ასადის მხარეს, თუმცა ასე არ მოხდა. შესაძლოა, ახლაც ასეთი სურათი მივიღოთ. სხვა შემთხვევაში, ის დაკარგავს მედიატორის ფუნქციას და ბოლომდე გამოამჟღავნებს სახეს.

ხომ არ არის შესაძლებელი, კორეის საკითხის აქტუალიზებას მოყვეს ყურადღების მოდუნება რუსეთთან მიმართებაში, კერძოდ, საქართველოს საკითხში?

აბსოლუტურად არ მგონია, რომ ასე მოხდება. ამის ღია დადასტურებაა ის სანქციები, სადაც ჩრდილოეთ კორეა, რუსეთი და ირანი ერთ კალათში მოექცნენ, როგორც საფრთხე აშშ-სა და მისი პარტნიორების ინტერესებისთვის. ამ პოზიციის გამამყარებლად კი პირდაპირაა მოცემული აგრესიული ნაბიჯები საქართველოს მიმართ. ამიტომაც, ეს საკითხები პირდაპირაა გადაბმული. აღნიშნული ტაქტიკურ გათვლას წარმოადგენს და უსპობს რუსეთს საშუალებას, იმანიპულიროს აშშ-ს წინაშე მდგარი პრობლემებით.

როგორ აისახება შესაძლო კონფლიქტი რეგიონის ქვეყნებზე და როგორი შეიძლება იყოს თანამეგობრობის რეაქცია?

ჩემი აზრით, ვითარების დაძაბვა ყველაზე ცუდად თავად ჩრდილო კორეისთვის დამთავრდება. ვფიქრობ, ბირთვული იარაღის გამოყენებამდე საქმე არ მივა მრავალი მიზეზის გამო, თუმცა კონფლიქტი ცუდად აისახება რეგიონის ქვეყნებზე, როგორებიცაა ავსტრალია, ოკეანეთი და ა.შ. მნიშვნელოვანია ჩინეთის როლიც, რომელსაც, ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, სპეციფიკური დამოკიდებულება აქვს კორეასთან. მისი მთავარი სავაჭრო პარტნიორიც ჩრდილოეთია. თუმცა, დღევანდელი რეალობის პირობებში, როცა აშშ-ს ბაზარიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩინეთი ვეღარ შეინარჩუნებს ნეიტრალურ პოზიციას. მას  მეორადი სანქციების გატარება მაინც მოუწევს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიხეილ გვაძაბია