ახალი ამბებიეკონომიკასაზოგადოება

რა ცვლილებები იგეგმება პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონპროექტით

11 აგვისტო, 2017 • 9868
რა ცვლილებები იგეგმება პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონპროექტით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, სამინისტრო სექტემბერში პარლამენტს პროფესიული განათლების შესახებ კანონპროექტს წარუდგენს. მინისტრის თქმით, კანონპროექტში ასახული ცვლილებები, ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებას შეუწყობს ხელს.

ჯეჯელავას თქმით, თუ ქვეყანაში დღესდღეობით უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების რაოდენობა 150 000-დან 170 000-მდე მერყეობს, პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტთა რაოდენობა უმაღლესში ჩარიცხულების 10 პროცენტს არ აჭარბებს მაშინ, როცა განვითარებულ ქვეყნებში პროფესიულ კოლეჯებში სტუდენტების მინიმუმ ნახევარი ირიცხება:

“პროფესიულ განათლებაში მიმავალი მოსწავლეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, თუმცა, 150 000, 170 000 სტუდენტი ჰყავს უმაღლეს სასწავლებლებს და ყველა პროფესიულს ერთად, ჰყავს 18 000 სტუდენტი. მთლიანი მასის მხოლოდ 10 პროცენტია პროფესიულის სტუდენტი, როცა  განვითარებულ ქვეყნებში მინიმუმ ნახევარი არის პროფესიულის სტუდენტი, ბუნებრივია, ვერავის დავაძალებთ, რომ პროფსიული აირჩიოს, ამიტომ, პოპულარობა უნდა გავზარდოთ პროფესიული სასწავლებლების,” – ამბობს მინისტრი.

ჯეჯელავას თქმით, თუ პარლამენტი კანონპროექტს დაამტკიცებს, პროფესიული კოლეჯების სტუდენტებს, რომლებიც სასწავლებელში ცხრა კლასის დასრულების შემდეგ ჩაირიცხებიან, სრულ ატესტატს მიანიჭებს, რითაც ისინი შეძლებენ სამომავლოდ, სურვილის შემთხვევაში უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელონ სწავლა:

“პროფესიულ სისტემაში ჩვენ შევეცდებით ჩავაშენოთ სრული ატესტატის მიღების შესაძლებლობა, ანუ პროფესიული კოლეჯის სტუდენტი, თუ ის მეცხრე კლასიდან გადავა პროფესიულ კოლეჯში არ უნდა შეექმნას მას პრობლემა, რომ მომავალში უმაღლესში გააგრძელოს სწავლა. ანუ, დღეს ერთადერთი მეთოდი  არის, რომ 12 კლასი დაამთავროს. მომავალში ამ კანონით, პროფესიული კოლეჯის სტუდენტი შეძლებს რომ მიიღოს სრული ატესტატი და გააგრძელოს სწავლა უმარლეს სასწავლებელში,” – ამბობს მინისტრი.

გარდა ამისა, იგეგმება მოხდეს კერძო პროფესიული კოლეჯების სტუდენტების დაფინანსება, როგორც ეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შემთხვევაშია. კანონში ასევე მოხდება დუალური განათლების განმარტება. გარდა ამისა, პროფესიული კოლეჯების მიერ გაცემული დიპლომი დააკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს, რაც მისცემს სტუდენტებს საშუალებას ევროპაში დასაქმდნენ:

“სრულად იქნება თავსებადი ევროპულ კანონმდებლობასთან პროფესიული გნაათლების მიმართულებით. ევროკავშირის ქვეყნები მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს შრომით მობილობას ანუ ერთი წევრი ქვეყნიდან მეორე წევრ ქვეყანაში გადასვლა შეეძლოს სამუშაოდ თავისუფლად. ჩვენ მოგეხსენებათ ვგეგმავთ ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას მომავალში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ქართული პროფესიული განათლება იყოს თავსებადი ევროპულ სტანდარტებთან. ახალი ჩარჩო რეგულაციები მოგვცემს საშუალებას, რომ ამ თავსებადობას მივაღწიოთ და იცოდეს ოჯახმა, შემდუღებლის პროფესიას რომ სწავლობს მისი შვილი პროფესიულ კოლეჯში, მას შეეძლება  ევროპაში წავიდეს და მისი დიპლომი იქნება შესაბამისი ევროპული სტანდარტის,”  – ამბობს ალექსანდრე ჯეჯელავა.

მინისტრის თქმით, კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ამ კუთხით იგეგმება, პროფესიული უნარების აღიარებაა. კერძოდ, ის პირები, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა პროფესიით მუშაობის გამოცდილება, პროფესიულ სასწავლებელში სამწლიანი კურსის გავლის გარეშეც შეძლებენ დიპლომის მიღებას:

“კიდევ  ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც შედის კანონში არის პროფესიული უნარების აღიარება. მაგალითად, რომ წარმოვიდგინოთ კარგი სტილისტი, რომელსაც იურიდიული აქვს დამთავრებული, მაგრამ კარგი სტილისტია და ეს სამსახური ძალიან მოსწონს. თუ უნდა სტილისტის დიპლომის  მოპოვება, ჩვენ დღეს მას უნდა ვუთხრათ წავიდეს პროფესიულ კოლეჯში, ისწავლოს სამი წელი და მერე მივცემთ დიპლომს. ის კი ამბობს, რომ უკვე იცის ეს პროფესია. პროფესიული უნარების აღიარება ნიშნავს, რომ მიხვალ და დაწერ, ხარ სტილისტი, ჩვენ შევამოწმებთ მის უნარებს და თუ წარმატებით გაივლის, მივცემთ დიპლომს,” – ამბობს მინისტრი.

ჯეჯელავას თქმით, დღესდღეობით პროფესიული კოლეჯის დიპლომის მისაღებად აუცილებელი წინაპირობაა ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა. თუ დიპლომის მსურველი ფლობს პროფესიულ უნარებს, თუმცა არ იცის უცხო ენა, სამინისტრო მას შესთავაზებს ენის შესწავლას და ამის შემდეგ მოახდენს მისი პროფესიული უნარების აღიარებას.

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ეს ცვლილებები შედეგს სამომავლო პერსპექტივაში გამოიღებს. მინისტრი მიიჩნევს, რომ თუ პროფესიულ კოლეჯებზე მოთხოვნა გაიზრდება, ბაზარზე კონკურენცია გაიზრდება. მომხმარებლები კი დიპლომირებულ კადრებს დაიქირავებენ, რაც სერვისის ხარისხსაც გაზრდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი