ახალი ამბები

საგარეო: მავთულხლართების გავლება აფხაზეთის მეტ იზოლაციას ისახავს მიზნად

11 აგვისტო, 2017 • 1817
საგარეო: მავთულხლართების გავლება აფხაზეთის მეტ იზოლაციას ისახავს მიზნად

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე, ზუგდიდის რაიონის სოფლების – ხურჩისა და შამგონას მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლებას.

“აფხაზეთის რეგიონში ოთხი ე.წ. გადასასვლელი პუნქტის დახურვის შემდეგ, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლების პროცესი წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის გამიზნული პოლიტიკის ნაწილს, მეტ იზოლაციაში მოაქციოს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა და ნებისმიერი ხერხით შეუშალოს ხელი სამშვიდობო პროცესებს”, – წერია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების ეს ქმედება უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს, ზღუდავს მათ თავისუფალ გადაადგილებასა და განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უფლებას, რაც კიდევ უფრო გაართულებს აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ისედაც მძიმე მდგომარეობას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ნაბიჯები, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნაკისრ ვალდებულებს, მოახდინოს საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია და გადადგას ნაბიჯები კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და მოახდინოს შესაბამის რეაგირება რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგ ქმედებებზე, რომელიც მიმართულია სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ და აზიანებს როგორც უსაფრთხოების გარემოს, ასევე, საერთაშორისო წესრიგს.

2017 წლის აპრილში საოკუპაციო ძალებმა აღნიშნულ პერიმეტრზე ჩაატარეს მოსამზადებელი სამუშაოები და დაამონტაჟეს ხის ბოძები. 9-11 აგვისტოს ამ ტერიტორიაზე, 800-900 მეტრიან მონაკვეთზე გაავლეს მავთულხლართები.

მასალების გადაბეჭდვის წესი