იაგელონია ბელოსტოკი 4:0 ბათუმის დინამო. 2017-18 წლის ევროპა ლიგის შესარჩევი. ფოტო: Jagiellonia

კობიაშვილი: ევროთასებზე წარუმატებლობისთვის კრიტიკა მეც და კლუბებმაც უნდა მივიღოთ

ლევან კობიაშვილი იღებს კრიტიკას ქართული კლუბების წარუმატებლობაზე და აცხადებს, რომ ეს კრიტიკა თვითონ კლუბებმაც უნდა მიიღონ. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, გაცილებით მყარად იქნებოდა დაკავებულ თანამდებობაზე, ევროთასებზე ქართულ კლუბებს წარმატების შემთხვევაში.

კობიაშვილის განცხადებით, ზოგიერთმა კლუბმა ეს წარუმატებლობა ეროვნული ჩემპიონატის ფორმატის ცვლილებას დაუკავშირა, რაც არასწორია. მისი თქმით, ფორმატის ცვლილება მოედნების პრობლემიდან გამომდინარე იყო აუცილებელი.

გარდა ამისა, როგორც კობიაშვილი აცხადებს, ეროვნული ჩემპიონატის ფორმატის შეცვლა არამხოლოდ ჩემპიონატის ხარისხს ზრდის, არამედ თვითონ კლუბების ბიუჯეტისთვისაც მომგებიანია.

“მესმის ის კრიტიკა, რომ ეს ყველაფერი მიბმულია ევროთასებზე. ჩვენ ყველას გაგვიხარდება ქართლი კლუბების წარმატება ევროთასებზე. გაცილებით მყარად ვიქნებოდი [ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე], უფრო კარგი შედეგი რომ გვქონოდა, მაგრამ ეს არის რეალობა. აქედან გამომდინარე, კრიტიკა საფუძვლიანი და სამართლიანია. შესაბამისად, უნდა ვეცადოთ, რომ მომდევნო წელს, მომდევნო შესარჩევ ეტაპზე უფრო უკეთესი შედეგი გვქონდეს,” – განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

საქართველოს ეროვნული ლიგის 2016–17 წლის საუკეთესო კლუბები წელს ერვოთასებზე პირველივე მეტოქებთან დამარცხდნენ, მათ შორის, დიდი ანგარიშებითაც. უმაღლესი ლიგის მოქმედი ჩემპიონი “სამტრედია” 2017–18 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო რაუნდში აზერბაიჯანულ “ყარაბაღთან” ორი თამაშის ჯამში 0:6 განადგურდა.

2017–18 წლის ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზევე ქუთაისის “ტორპედო” სოვაკურ “ტრეჩინთან” ორი თამაშის ჯამში 1:8 განადგურდა. საჩხერის “ჩიხურა” ამავე ეტაპზე ავსტრიულ “ალტაჩთან” დამარცხდა ორი თამაშის ჯამში 1:2, ხოლო ბათუმის “დინამო” პოლონურ იაგელონიასთან 0:5.

იაგელონია ბელოსტოკი 4:0 ბათუმის დინამო. 2017-18 წლის ევროპა ლიგის შესარჩევი. ფოტო: Jagiellonia

პოლონური “იაგელონია” ბათუმის “დინამოს” ორი თამაშის ჯამში 5:0-ს უგებს. 2017-18 წლის ევროპა ლიგის შესარჩევი. ფოტო: Jagiellonia

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.