10836

ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე სამი პოლიციელია ბრალდებული

21 წლის ბექა ხახუბიას გარდაცვალების ფაქტზე ბრალი საპატრულო პოლიციის სამ თანამშრომელს წარედგინა – ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” პროკურატურის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

პროკურატურამ მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც ნიშნავს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას დაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით.

პროკურატურამ სასამართლოს მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების და თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობით მიმართა. გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 1 000 ლარის ოდენობით შეუფარდა და მათი თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო.

გამოძიების ცნობით, 2017 წლის 17 მაისს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ბექა ხახუბიას მართვის ქვეშ მყოფი ,,BMW X5“-ის მარკის ავტომანქანის შეჩერების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, პატრულ-ინსპექტორებმა ზ.რ.-მ, გ.ს.-მ და ნ.ხ.-მ, გადაამეტეს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას და გორის გვირაბთან მოქალაქეთა ავტომანქანებით გადაკეტეს საავტომობილო გზა.

“აღნიშნული ქმედებით  პატრულ-ინსპექტორები  უსაფუძვლოდ იმედოვნებდნენ, რომ შეაჩერებდნენ ბ.ხ.-ს მიერ მართულ ავტომანქანას და მძღოლთან განახორციელებდნენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის მოქმედებებს, თუმცა, გორის გვირაბიდან მაღალი სიჩქარით გამომავალმა, ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლების გამო ვერ  შეძლო შეჯახების თავიდან აცილება, მუხრუჭის გარეშე გადავიდა პირველ ზოლში, რის შედეგადაც დაეჯახა გვერდულ ზოლში მდგარ ავტომანქანა ,,FORD TRANSIT 190 EF“-ს,  ხოლო შემდეგ კი – საავტომობილო გზაზე განივად მდგარ სატვირთო ავტომანქანას ,,MERCEDES-BENZ ACTROS“. მიღებული დაზიანებების შედეგად ბ.ხ. ადგილზე გარდაიცვალა”, – იუწყება პროკურატურა.

თავდაპირველად ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გამოძიების პროცესში უფლებამოსილება შეუწყდა პოლიციის ორ მაღალჩინოსანს.

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის შვილი, ბექა ხახუბია 17 მაისს გორის გვირაბთან პოლიციის მიერ განხორციელებული დევნის ოპერაციისას დაიღუპა. თავდაპირველად ინფორმაცია რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ გაავრცელა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ხახუბია გზის ჩახერგვის მიზნით გაჩერებულ ტრაილერს შეეჯახა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიხეილ გვაძაბია