ათასამდე სკოლის I და II კლასის მოსწავლეები ფეხბურთს უფასოდ ისწავლიან – კობიაშვილი

ლევან კობიაშვილის განცხადებით, ფეხბურთის ფედერაცია სექტემბერში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის ახალ პროექტს იწყებს, რომელიც სკოლებში I-II კლასის მოსწავლეებისთვის ფეხბურთის უფასოდ სწავლებას ითვალისწინებს.

“დაახლოებით 1000 სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, როგორც ბიჭებს, ასევე გოგონებს, ექნებათ შესაძლებლობა, აბსოლუტურად უფასოდ ითამაშონ ფეხბურთი. ამ სკოლებში მათი სპორტის მასწავლებლები გადამზადდნენ სპეციალური კურსით. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი,” – განაცხადა ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიურ ყრილობაზე.

გარდა ამისა, როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, შემოშავებულია კიდევ ერთი პრეოქტი ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობისთვის, რომელიც უფრო დიდი ასაკის მოსწავლეებისთვისაა გათვლილი. მისი თქმით, ამ პრეოქტს მიმდინარე წლის ბოლოს მიეცემა სრული სახე და აბსოლუტურად ყველას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ინფორმაცია ამ პროექტის შესახებ:

“ეს პროექტი 2018 წელს შევა ძალაში და დაიწყებს ფუნქციონირებას. ვთვლი, რომ ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ბავშვთა ფეხბურთის და ზოგადად ფეხბურთის განვითარებისთვის.”

რა პრობლემები არსებობს ბავშვთა ფეხბურთში და როგორ აპირებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მის გადაჭრას, ვრცლად იხილეთ ნეტგაზეთის სტატიაში, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.