საფრანგეთის პირველი ლედი ბრიჯიტ მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი დონალდ ტრამპი და მელანია ტრამპი "ინვალიდთა სახლში"  13 ივლისს საფრანგეთში დონალდ ტრამპის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო ©EPA

უნდა იყოს თუ არა კანონით განსაზღვრული პირველი ლედის სტატუსი?

პირველი ლედის სტატუსს ქვეყნების კანონმდებლობა ოფიციალურად არ განსაზღვრავს, მაგრამ, ამ მხრივ, შესაძლოა საფრანგეთი გამონაკლისი გახდეს, თუმცა მაკრონის ინიციატივას უკვე უპასუხეს პეტიციით მოქალაქეებმა.

რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, განაცხადა, რომ ქვეყნის პირველ ლედის, ბრიჯიტ მაკრონს,  უნდა ჰქონდეს ოფიციალურად აღიარებული სტატუსი და როლი, თუმცა, მიუხედავად თანამდებობისა, ის არ უნდა ფინანსდებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ფოტო: EPA

ფოტო: EPA

ამ განცხადებას საზოგადოების მხრიდან გარკვეული უკურეაქცია მოჰყვა. მათ შორის, შეიქმნა პეტიცია, რომლის მეშვეობითაც, გროვდება ხელმოწერები, რათა ბრიჯიტ მაკრონს ოფიციალური სტატუსი არ მიენიჭოს. პეტიცია, მხატვარმა და მოძრაობა “ნაციონალური თანასწორობის” ფუძემდებელმა, პოლ ვალეტმა შექმნა.

როგორც საფრანგეთის მთავრობის სპიკერი, ქრისტოფერ კასტანერი განმარტავს, ჯერ არ იგეგმებმა რაიმე ცვლილება კონსტიტუციაში ან ფულადი რესურსების გამოყოფა ახალი თანამდებობისთვის. შემოთავაზებული პროექტის მთავარი მიზანი კი  იმის ჩვენებაა, რომ საფრანგეთის პირველ ლედის აქვს როგორც როლი, ასევე, თანმხლები მოვალეობები.

“ჩვენ გვინდა ვიყოთ გამჭირვალე, ჩვენს ქმედებებში,” – განაცხადა კასტანერმა.

საფრანგეთის პარლამენტი მუშაობს პოლიტიკოსთა ეთიკის კანონზე, რომელიც კრძალავს პოლიტიკოსებისთვის ნათესავების დასაქმებას, რათა მინიმუმადე დავიდეს ნეპოტიზსმის შემთხვევები. სწორედ ამიტომ, როგორც პეტიციის ავტორი  აცხადებს, შეუძლებელია ერთდროულად მიიღოს საფრანგეთმა კანონი, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკოსებს არ შეეძლებათ დაასაქმონ ნათესავები და ამავდროულად, მიენიჭოს პირველ ლედის რაიმე სახის ოფიციალური სტატუსი.

გარდა ამისა, ვალეტი აღნიშნავს, რომ ბრიჯიტ მაკრონს უკვე ჰყავს თავისი წარმომადგენლობა, დაცვისა და სამდივნოს 2-2 წევრი, თუმცა, თუ მას სახელმწიფო აღიარებს, როგორც ოფიციალურ მოხელეს, მას ექნება საშუალება, ბიუჯეტის ხარჯზე გაზარდოს დასაქმებულთა რაოდენობაც.

ხშირ შემთხვევაში, პრეზიდენტის მეუღლეს, ანუ პირველ ლედის ასისტენთა ჯგუფი ემსახურება, რომლებსაც სახელმწიფო უხდის ხელფასს. აშშ-ს ამჟამინდელი პირველი ლედის, მელანია ტრამპის სამუშაო ჯგუფის წევრებს ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტი უხდის. მაგალითად, წელიწადში 115 ათასი დოლარია პირველი ლედის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორის ანაზღაურება, რომელიც ასევე პრეზიდენტის თანაშემწის პოზიციასაც ითავსებს.

დონალდ ტრამპი დებს ფიცს საპრეზიდენტო ინაუგურაციაზე. 20.01.2017. EPA/ JUSTIN LANE

დონალდ ტრამპი დებს ფიცს საპრეზიდენტო ინაუგურაციაზე. 20.01.2017. EPA/ JUSTIN LANE

ამერიკაში 1978 წლიდან, მაშინ, როდესაც პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა მოაწერა ხელი  კანონს პირველი ლედის სამუშაო ჯგუფისთვის ბიუჯეტის გამოყოფაზე, მიღებულია, რომ პირველ ლედის უნდა ჰყავდეს ასისტენტები, რათა მას დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში დახმარება გაუწიონ.

დღესდღეობით პირველ ლედის  მსოფლიო მასშტაბით,  ბევრ ქვეყანაში სამართლებრივად, არ აქვთ განსაზღვრული სტატუსი და მოვალეობათა ნუსხა. გარდა ამისა, პრეზიდენტის სახელმწიფოს სათავეში მოსვლის შემდეგ, ხშირად, პირველი ლედი ტოვებს მის მიერ დაკავებულ წინა სამსახურეობრივ პოზიციას და საზოგადო მოღვაწის როლს ირგებს.

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ-შტაინმაიერი და პირველი ლედი ელკე ბოდენბენდერი. ფოტო: AFP

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ-შტაინმაიერი და პირველი ლედი ელკე ბოდენბენდერი. ფოტო: AFP

ასე მოხდა გერმანიის პირველი ლედის შემთხვევაში, რომელიც ახლა დედებისთვის სპეციალურად შექმნილ ფონდს ხელმძღვანელობს. პოლონეთის პირველმა ლედიმ, აგატა კორნჰაუზერ-დუდამ, ანჟეი დუდას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დატოვა სკოლაში გერმანულის მასწავლებლის სამსახური და, ძირითადად, ქველმოქმედებას მიჰყო ხელი.
საქველმოქმედო კამპანიებს უწევს ასევე ორგანიზებას თურქეთის პირველი ლედიც, ემინე ერდოღანი, რომელმაც თავისი წამოწყებით – “მოდით, გოგონებო, სკოლაში წავიდეთ!“ 300 ათას გოგონას, ქვეყნის მასშტაბით, განათლების საშუალება მისცა.

მეჰრიბან ალიევა; ილჰამ ალიევი; ფოტო: epa

მეჰრიბან ალიევა; ილჰამ ალიევი; ფოტო: epa

თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც, მაგალითად, აზერბაიჯანის პირველი ლედი, მეჰრიბან ალიევა ერთდროულად ამავე ქვეყნის ვიცე პრეზიდენტიცაა. ამ თანამდებობას ის 2017 წლის 21 თებევრილდან იკავებს. გარდა ამისა, ის ჰეიდარ ალიევის ფონდის პრეზიდენია, ხოლო 2013 წელს ის მმართველი პარტიის თავმჯდომარედაც აირჩიეს. ხოლო პოლიტიკურ ასპარეზზე აქტივობასთან ერთად, ალიევა 2002 წელს ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.

დღესდღეობით, პეტიციას, რომელიც ბრიჯიტ მაკრონისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგება 300 000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, მაშინ, როდესაც  ხელმოწერების საჭირო ოდენობა 500 000-ია. პეტიციის ეს შედეგი გასაკვირი არ არის. ნიუ-იორკ ტაიმსის ცნობით, 2016 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა შორის 69% არ ისურვებდა, ქვეყნის პირველი ლედისთვის ოფიციალური როლის მინიჭებას.

რაც შეეხება საქართველოს პირველი ლედისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ ხარჯებსა თუ მის მიერ განხორციელებულ აქტივობებს, ჩვენ ამ ინფორმაციის მოთხოვნით, მივმართეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, თუმცა ჯერ პასუხი არ მოგვიღია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ბიძინაშვილი