ახალი ამბები

თბილისში, განათლების სამინისტრო მოსწავლეებს კვირაში ერთხელ ვაშლს დაურიგებს

11 აგვისტო, 2017 • 3639
თბილისში, განათლების სამინისტრო მოსწავლეებს კვირაში ერთხელ ვაშლს დაურიგებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თბილისის სკოლებში, სადაც 1000-ზე მეტი ბავშვი სწავლობს, ვაშლის დარიგების კამპანიას ახალი სასწავლო წლიდან დაიწყებს. როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის შემდეგ, კამპანია რეგიონებზეც გავრცელდება.

მინისტრის თქმით, ეს რთული და ძვირი პროექტია, თუმცა მნიშვნელოვანი, რადგან ვაშლი ჯანსაღი პროდუქტია. სექტემბრიდან სამინისტროს ახალი კამპანია 40 000-დან 60 000 მოსწავლეს შეეხება. მოზარდები სამინისტროსგან ვაშლს კვირაში ერთხელ მიიღებენ. ამის პარალელურად, კი სამინისტრო გეგმავს პარალელურად მეორე კამპანია დაიწყოს, რათა, მშობლებმა თავადაც გამოატანონ ხილი ბავშვებს სკოლაში:

“თბილისის სკოლებში, სადაც 1000-ზე მეტი  მოსწავლეა ამ შემოდგომაზე დავიწყებთ კვირაში ერთხელ ვაშლის დარიგების კამპანიას. რთული პროექტია, ძვირი პროექტია , თუმცა ჩვენ გვგონია, რომ რთული და ძვირი არაფერს დაგვაკლებს. ამ პროექტის მიზანია, რომ შესვენებაზე ბავშვმა შეჭამოს ვაშლი . ვაშლი არის ძალიან ჯანსაღი პროდუქტი. ამის პარალელურად, ვაპირებთ დავიწყოთ კამპანია, რომ გამოატანონ მშობლებმა ბავშვს ვაშლები” – თქვა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ 5 მაისს ბრძანება გამოსცა, რომელიც სკოლებში ჯანსაღი კვების სტანდარტების დანერგვას ეხება. მინისტრის ბრძანების შესაბამისად, მიზანშეწონილია, სასკოლო კვების ორგანიზებისას აიკრძალოს შემდეგი პროდუქტების გამოყენება:

საღეჭი რეზინი, კანფეტი, შოკოლადი, მაიონეზით შეზავებული პროდუქცია, სოკო ნებისმიერი ფორმით, დაკონსერვებული პროდუქტი, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი, თერმულად დაუმუშავებელი კვერცხი, გაზიანი სასმელები მინერალური წყლის გარდა, ჩიფსები, ჟელიბონი, გარდა თხილეულისა, ხილისა და ბოსტნეულისა, რომელთაც აქვთ დამატებული მარილი, შაქარი, ან ცხიმი.

დღეს, ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პირველ ეტაპზე სკოლებში არსებულ კვებით ობიექტებს აეკრძალებათ მაღალი შაქრისა და მარილის შემცველობის მქონე პროდუქტების გაყიდვა. მინისტრის თქმით, მოსწავლეებს განახლებული ბუფეტი ახალი სასწავლო წლიდან დახვდებათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი