რას უკავშირებს გიორგი სიგუა “GEM fest-ის” ფინანსურ წარუმატებლობას

მუსიკალური ფესტივალის “GEM Fest-ის” დამფუძნებელი ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს. როგორც გიორგი სიგუა აცხადებს, წლევანდელი ფესტივალი ფინანსურად წარმატებული არ გამოდგა, რაც სიგუას თქმით, პირველ რიგში მისი “მცდარი წარმოდგენების” შედეგია. გარდა ამისა, ფესტივალის წარუმატებლობას სიგუა უამინდობას და ფესტივალის სტუმრების ინტოქსიკაციას, მათ შორის ერთ-ერთის გარდაცვალებასაც უკავშირებს:

“არ გამოვა რომ არ ვთქვა. ისე როგორც ბევრს აქვს ჩვენს წინაში ფინანსური ვალდებულებები , ასევე ჩვენც გაგვაჩნია იგივე, სხვების მიმართ. არ გამოდგა ფინასნურად წარმატებული ერთთვიანი ფესტივალი და ეს პირველ რიგში იყო ჩემი მცდარი წარმოდგენის შედეგი. ყველა სიკეთესთან ერთად დაგვემატა მრავალჯერადი ფორსმაჟორი: წვიმიანი, ქარიშხლიანი, სეტყვიან-შტორმიანი და მეხიანიც კი, (მეტეორი არ მოგვხვედრია მხოლოდ ) ივლისი. ფესტივალის გახსნიდან 16 დღის განმავლობაში,სულ სამი-ოთხი დღე იყო მზიანი… შემდეგ ტრაგედია – ადამიანის გარდაცვალება, მოწამვლები და შედეგად,საერთო ნერვული ფონი და ქმედებები” – ამბობს სიგუა. 

ფესტივალის ორგანიზატორის თქმით, ფესტივალის ტერიტორიაზე მომუშავე სავაჭრო და კვების ობექტებს მუშაობა არ აქვთ და იჯარის ფულს ვერ იხდიან, რის გამოც “GEM Fest-ი” ვერ ახერხებს ვალების დაფარვას. სიტუაციიდან გამოსავალს კი სამომავლო პროექტების სწორად დაგეგმვაში ხედავს.

ანაკლიიდან, მუსიკალური ფესტივალიდან “Gem Fest” 3 აგვისტოს გვიან ღამით, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 3 პირი გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. სამივე მათგანს უცნობი, გაურკვეველი ნივთიერებებისაგან (სუბსტანციებისაგან) ინტოქსიკაცია აღენიშნებოდათ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.