ახალი ამბები

მუხთარლის საქმე მისი გატაცებიდან 73 დღის შემდეგაც გამოუძიებელია

10 აგვისტო, 2017 • 2181
მუხთარლის საქმე მისი გატაცებიდან 73 დღის შემდეგაც გამოუძიებელია

73 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში გაუჩინარდა და შემდეგაც ბაქოში აღმოჩნდა დაპატიმრებული, თუმცა საქართველოს საგამოძიებო უწყებებს ამ დრომდე არ გამოუძიებიათ, როგორ და ვინ გაიტაცა მუხთარლი თბილისის ცენტრიდან.

საქმეს თავდაპირველად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებდა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აცხადებდა, რომ აზერბაიჯანში აფგან მუხთარლის დაკითხვის გარეშე საქართველოში მიმდინარე გამოძიების შედეგები ვერ დადგებოდა. ამ მოთხოვნით საქართველომ აზერბაიჯანულ მხარესაც მიმართა.

მოგვიანებით, მუხთარლის საქმე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გადაიბარა, თუმცა უწყებაში “ნეტგაზეთს” არ პასუხობენ კითხვაზე, დაიკითხა თუ არა ჟურნალისტი. საქართველოს მთავარ პროკურატურაში, რომელმაც საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გადაიბარა, აცხადებენ, რომ გამოძიების ინტრესებიდან გამომდინარე, საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.

აფგან მუხთარლის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, პროკურატურის წარმომადგენლებს მუხთარლი ამ დრომდე არ დაუკითხავთ, უცნობია აზერბაიჯანული მხარის პასუხიც, ქართველი სამართალდამცავების მხრიდან ჟურნალისტის დაკითხვის მოთხოვნაზე.

ადვოკატი იმასაც ამბობს, რომ მუხთარლის ცოლს, ლეილა მუსტაფაევასა და დაკავებულის მეგობარს თბილისში უთვალთვალებენ, ამის ამსახველი ფოტომასალა ადვოკატმა პროკურატურას წარუდგინა, თუმცა უწყებას რეაგირება არც ამაზე მოუხდენია:

“სიახლე ერთი ისაა, რომ ლეილა მუსტაფაევას და მუხთარლის მეგობრის მიმართ თვალთვალი გრძელდებოდა. 4 აგვისტოს უთვალთვალებდნენ. მოთვალთვალეების ფოტოები ჩვენ წარვუდგინეთ პროკურატურას, თუმცა ამ ფაქტს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. გამოძიების მხრივაც  არაფერი ახალი არაა, გარდა იმისა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობაა გაუარესებული აფგან მუხთარლის. ქართულ მხარეს არც მუხთარლი დაუკითხავს, რადგან აზერბაიჯანელებისგან ამ საკითხზე პასუხი უცნობია,” – ამბობს ადვოკატი.

აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) მიმდინარეობს.


აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, საღამოს, თბილისში საკუთარმა მეგობრებმა ნახეს. მან დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, ამის შემდეგ ის თბილისში აღარავის უნახავს. აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი