ახალი ამბები

სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდების დასკვნითი სიტყვა მოისმინა

10 აგვისტო, 2017 • 2388
სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდების დასკვნითი სიტყვა მოისმინა

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლო 1 სექტემბრიდან გააგრძელებს. დღეს კი ბრალდების მხარე სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით წარსდგა.

პროკურორი ზვიად გუბელაძის თქმით, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ შეაჯამა ის მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც დასტურდება დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალეულობა და მას აქვს გონივრული მოლოდინი იმისა, რომ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

“გვინდა ერთ მნიშვნელოვან ასპექტზე გავამახვილოთ ყურადღება, კერძოდ, დაცვის მხარე სარგებლობდა რა, იმ გარემოებით, რომ სხდომა იყო დახურული, ცდილობდა ბრალდების მხარის სიტყვებისთვის არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა, რითაც უნდოდათ  საზოგადოებაში მცდარი მოლოდინის შექმნა,  თითქოს, გიორგი მამალაძე უნდა გამართლებულიყო იმიტომ, რომ ბრალდების მხარეს არ შეეძლო ადეკვატური ნივთმკიცებულებების წარდგენა. ჩვენ საზგოადოებას ვარწმუნებთ, რომ მტკიცებულებები უტყუარად ანიშნებენ გიორგი მამალაძის ბრალეულობას და მის მიმართ იქნება გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი,“ – განაცხადა გუბელაძემ დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ.

თავის მხრივ, დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი დასკვნითი სიტყვა არათუ ადასტურებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალს, არამედ აბსოლუტურაად უსუსური და აბსურდულია.

„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ბრალდების მხარე ვერ შეძლებდა ნივთმტკიცებულებათა საკმარისი რაოდენობის წარმოდგენას, რომელიც გონივრულად დაადასტურებდა, დაარწმუნებდა მამა გიორგი მამალაძის ბრალდებაში. ეს მტკიცებულებები ვერ იქნებოდა საკმარისი და უტყუარი, რათა ჩვენ დაგვესკვნა მისი დამნაშავეობა და ეს ასეც მოხდა.  დღევანდელ მოსმენაზე ბრალდების მხარე შეეცადა სწორედ იმავე მეთოდით შეეყვანა სასამართლო შეცდომაში, რა მეთოდითაც საზოგადოება უკვე შეიყვანა და იმ კონტექსტიდან ამოვარდინილი ფრაზებით ესაუბრა, რომლითაც ის ესაუბრებოდა საზოგადოებას.  ვერც ერთი ელემენტი ვერ დაადასტურა ბრალდების მხარემ, ვერც ის, რომ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა მზადდებოდა, ვერც ის, რომ ანგარებით ხდებოდა ეს, ვერც ის, რომ ეს მზადება იყო დასრულებული,“ – განაცხადა ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა.

13 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალებით 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს.

პროკურატურის მტკიცებით, ჩხრეკისას დეკანოზის ბარგიდან „ნატრიუმის ციანიდი“ ამოიღეს. მამალაძე თბილისის აეროპორტში დააკავეს, საიდანაც, პროკურატურის თქმით, ბერლინში მიფრინავდა.

გენერალურმა პროკურორმა 13 თებერვალს  განაცხადა, რომ გამოძიებას ამის შესახებ მოქალაქემ შეატყობინა. “მოქალაქის თქმით, გიორგი მამალაძეს სჭირდებოდა ციანიდი, რათა “მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა”. 13 თებერვალს პროკურატურამ ასევე გაავრცელა ცნობა, რომელშიც ნათქვამია: “როგორც გაირკვა, გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე”.

ვრცლად დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეზე წაიკითხეთ ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზ მამალაძის სასამართლოს სხდომები დახურულია, ასევე, პროკურატურის მოთხოვნით გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი მამალაძის ადვოკატებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი