ახალი ამბები

კულტურის სამინისტროს ცნობით, საქართველოში ქეთევან დედოფლის ნაწილებს ჩამოიტანენ

10 აგვისტო, 2017 • 3217
კულტურის სამინისტროს ცნობით, საქართველოში ქეთევან დედოფლის ნაწილებს ჩამოიტანენ

კულტურის სამინისტროს ცნობით, ინდოეთიდან 6 თვით ქეთევან დედოფლის ნაწილებს ჩამოიტანენ და საქართველოს რეგიონებში მოატარებენ.

კულტურის სამინისტროს ცნობით, ქეთევან დედოფლის ნაწილების საქართველოში ჩამოტანის პარალელურად, მოეწყობა გამოფენები და საერთაშორისო კონფერენციები, სადაც განხილული იქნება ქეთევან დედოფალთან დაკავშირებული მემკვიდრეობის კვლევისა და კონსერვაციის საკითხები.

“ეროვნული მუზეუმის გარდა, ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები გადასვენებული იქნება სამების ტაძარში და საქართველოს მასშტაბით ყველა ეპარქიაში და მორწმუნეებს მათი მოლოცვის საშუალება ექნებათ”, – წერია სამინისტროს განცხადებაში.

ისტორიული წყაროების თანახმად, კახეთის დედოფალი ქეთევან მუხრანბატონი (დაახლ 1570-1624), რომელიც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, 1624 წელს ირანის ქალაქ შირაზში შაჰ-აბასის ბრძანებით წამებით მოკლეს, რადგან უარი თქვა სარწმუნოების შეცვლაზე.

ისტორიული წყაროების მიხედვით, დედოფლის წამების მოწმე პორტუგალიელმა მისიონერებმა ნეშტი ფარულად ამოთხარეს და ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში დაკრძალეს. მოგვიანებით, მისიონერებმა ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები საქართველოში ჩამოიტანეს, სადაც 1723 წლამდე ინახებოდა, შემდგომ კი დაიკარგა.

2013 წელს ჟურნალმა ARCHEOLOGY –მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ამტკიცებდა რომ გოაში მდებარე ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილი ძვლები სავარაუდოდ ქეთევან დედოფალს ეკუთვნოდა. მათი ინფორმაციით, ქვის სარკოფაგში აღმოჩენილი მკლავის ძვლების დნმ–ის ანალიზმა აჩვენა, რომ დიდი ალბათობით ძვლებს ინდოეთთან კავშირი არ აქვს და ქართული წარმოშობის იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი