ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მინისტრი ახალგორში ქართული სკოლების შესაძლო გაუქმებას გმობს

10 აგვისტო, 2017 • 2391
მინისტრი ახალგორში ქართული სკოლების შესაძლო გაუქმებას გმობს

შერიგებისა და თანასწრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ახალგორის რაიონში ქართული სკოლების რუსულ სწავლებაზე შესაძლო გადასვლას ქართული მოსახლეობის ერთნიკური ნიშნით დისკრიმინაციად აფასებს. მინისტრის თქმით, ამგვარი მინიშნებები დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში რუსიფიკაციის პოლიტიკის გაგრძელებაა:

“გავრცელდა ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მინიშნებები იმის თაობაზე, რომ არსებობს განზრახვა ახალგორის რაიონებში ქართული სკოლები გადავიდეს რუსულ სწავლებაზე, განხორციელდეს რუსიფიკაციის პოლიტიკის შემდგომი ნაბიჯი. გალის რაიონში, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს ქართულ მოსახლეობაზე განხორციელდეს ზეწოლის პოლიტიკა, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია. ეს გამოხატება, პირველ რიგში, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვით. ანალოგიოური პოლიტიკის განხორციელება, როგორც ჩანს, არის ცხინვალის რეგიონის მიმართულებითაც, რაც არის აბსოლუტურად უკანონო, მიუღებელი ნაბიჯი, თუ ეს განხორციელდება” – ამბობს ქეთევან ციხელაშვილი.

მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, გმობს მსგავს ნაბიჯებს და მთავრობა აქტიურად მუშაობს, რათა ყველა ფორმატში განიხილონ ეს საკითხი და დაიცვან ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების ხელმისაწვდომობა:

“ეს არის ცალსახად დისკრიმინაცია, აბსოლუტურად მიუღებელი საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, ჩვენი პარტნიორებისათვის. მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაში ჩართული აქტორებისთვის, რომლებიც ცალსახად აფიქსირებენ პოზიციას რომ აუცილებელია მშობლიურ ენაზე განათლების მოღების შესაძლებლობა. ჩვენთვის ეს საკითხი არის და იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი ყველა ფორმატში, კიდევ უფრო აქტიურად, იმისათვის რომ დავიცვათ ადგილობრვი მოსახლეობის უფლებები” – ამბობს მინისტრი.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ახალგორის რაიონში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისიდან, ცხინვალის კონტროლქვეშ გადავიდა, 2017 წლის ახალი სასწავლო წლიდან, ქართულენოვანი ბაგა-ბაღები გაუქმდება. საუბარია ასევე, ახალგორიში ქართულენოვანი სასკოლო განათლების მიღების შეზღუდვაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი