ახალი ამბები

კალაძე: პარკირების მენეჯმენტს ადგილობრივი ხელისუფლება უნდა ახორციელებდეს

9 აგვისტო, 2017 • 2419
კალაძე: პარკირების მენეჯმენტს ადგილობრივი ხელისუფლება უნდა ახორციელებდეს

პარტია “ქართული ოცნების” კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ფეისბუკში გამოქვეყნებულ ვიდეოში თბილისში პარკირების საკითხზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი აზრით პარკირების მენეჯმენტს არა კონკრეტული კომპანია, არამედ ქალაქის მთავრობა უნდა ახორციელებდეს.

კალაძე ამბობს, რომ “სითი პარკთან” გაფორმდა “მიუღებელი და არასწორი ვალდებულებებით დატვირთული ხელშეკრულება, რომლებაც თბილისს მოუტანა ჯარიმა და ნაკლები ადგილი პარკირებისთვის”, ამიტომ საკითხის მიმართ საჭიროა სამართლებრივი მოკვლევა და კომპლექსური მიდგომა, სწორი გამოსავლის საპოვნელად.

“ჩვენ ვისმენთ შეუსწავლელ, პოპულიზმისკენ მიმართულ ვერსიებს, ხან ახალი კომპანიების შემოსვლაზე, ხან ბიუჯეტიდან ვიღაცის გასტუმრებაზე, რაც მგონია, რომ კიდევ უფრო დააწვება თითოეულ თბილისელს ჯიბეზე. რეალურად, ეს არის თბილისელების დისკომფორტის გადამისამართება ერთი კომპანიისგან, მეორეზე და არა რეალურად იმ პრობლემის აღმოფხვრა და მოგვარება, რომელიც აწუხებს თბილისს

მგონია, რომ სწორი მოდელია, როდესაც პარკირების მენეჯმენტს ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს. ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება მძღოლებისა და ფეხით მოსიარულეების ინტერესები და სათანადოდ იქნება დაცული მათი უფლებები,” – აცხადებს კალაძე.

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ასევე მოითხოვს კომპანია “სითი პარკთან” მოქმედი ხელშეკრულების გაუქმებას. ელისაშვილი 25 მილიონი ლარის პირგასამტეხლოს გაწერას 2017 წლის თბილისის ბიუჯეტში მოითხოვდა.

“ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილიც აცხადებს, რომ მისი მერად არჩევის შემთხვევაში, “სითი პარკთან” ხელშეკრულებას გააუქმებს.

კახა კალაძის წინა ვიდეომიმართვა, სადაც ხელისუფლების მერობის კანდიდატი პარკირების პრობლემაზე საუბრობდა, მისი კონკურენტი “შენების მოძრაობიდან” აკრიტიკებს. თბილისის მერობის კანდიდატი, თენგიზ შერგელაშვილის თქმით, კალაძე იმდენ შეუსაბამო განცხადებებს აკეთებს, რომ საქმე ან არაკომპეტენტურობასთან გვაქვს ან/და კიდევ უფრო უარესთან:

პირველი, პარკირების ადილების რაოდენობას თბილისის მერია განსაზღვრავს და არა ოპერატორი კომპანია. თუ მერობის კანდიდატისთვის ამის შესახებ ცნობილია, მაშინ გაუგებარია, რა გააკეთა მერიამ ამ წლების განმავლობაში და რატომ არაფერს ამბობს მერობის კანდიდატი თბილისის მერიის როლზე, ქალაქში პარკირების რაოდენობასთან დაკავშირებით?

მეორე, ჯარიმების გადახდა რეგულირდება კანონმდებლობით და თბილისის მერიის მიერ. უფრო მეტიც, ჯარიმის გასაჩივრების პირველი ინსტანცია, სწორედ თბილისის მერიაა. ოცნების კანდიდატი, რატომღაც არც ამ თემაზე ესაუბრება თბილისელებს.

მესამე, თუ პარკირების სწორი მოდელი, მისი მერიის ფუნქციებში გადატანაა, რას უპირებს მერობის კანდიდატი სითი-პარკს გაურკვეველია. ერთის მხრივ სხვას პოპულისტებად მოიხსენიებს ვინც “სითი-პარკის” გაშვება/ჩანაცვლებაზე საუბრობს და თვითონ, ამის გარეშე მერიაში ამ საკითხის გადატანას როგორ აპირებს, ისევ არაფერს გვეუბნება.

მეოთხე, პარკირებიდან შემოსული თანხების 60% მერიაში მიდის, 40% კი, კომპანიას რჩება. რატომ არ კითხულობს მერობის კანდიდატი, რა გააკეთა მერიამ პარკირების ადგილების რაოდენობის გაზრდისთვის?

რაც შეეხება “შენების მოძრაობის” გეგმას აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად, უსუფაშვილის გუნდი აპირებს, კომპანია “სითი პარკს” კონკრეტული პირობები შესთავაზოს, რომელიც ორმხრივად მომგებიანი იქნება, როგორც თბილისელებისთვის ისე, კომპანიისთვისაც: “ამის შემდეგ, „სითი პარკი“ ან ჩაეწერება ქალაქის სატრანსპორტო განვითარების ჩვენ მიერ შემუშავებულ გეგმაში, ან მასთან გავწყვეტთ სახელშეკრულებო ურთიერთობებს, თუნდაც ეს მრავალწლიან საარბიტრაჟო დავასთან და გარკვეულ ფინანსურ რისკებთან იყოს დაკავშირებული.”

თენგიზ შერგელაშვილის თქმით, მერობის კანდიდატს შესაძლებელია სიღრმისეულად არ ესმოდეს ქალაქის სატრანსპორტო პრობლემების ნიუანსები, მაგრამ გუნდში უნდა ჰყავდეს ერთი კომპეტენტური ადამიანი მაინც. მისი განცხადებით, “შენების მოძრაობა” მზად არის დებატებისთვის, ცხარე, მაგრამ საქმიანი კამათისთვის, განხილვებისთვის და სხვა, რადგან სჯერა, რომ სწორედ ყოფილი თუ ამჟამინდელი მოხელეების არაკომპეტენტურობაა, თბილისში დაგროგივილი პრობლემების მთავარი მიზეზი.

მასალების გადაბეჭდვის წესი