ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალგორში სექტემბრიდან ქართულენოვანი ბაგა-ბაღები უქმდება

9 აგვისტო, 2017 • 2831
ახალგორში სექტემბრიდან ქართულენოვანი ბაგა-ბაღები უქმდება

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ახალგორის რაიონში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისიდან, ცხინვალის კონტროლქვეშ გადავიდა, 2017 წლის ახალი სასწავლო წლიდან, ქართულენოვანი ბაგა-ბაღები გაუქმდება.

2008 წლის აგვისტოდან დღემდე, ახალგორის რაიონში ორი ქართულენოვანი ბაგა-ბაღი იყო დარჩენილი, სადაც წინა სასწავლო წლის ბოლომდე 30-მდე აღსაზრდელი ირიცხებოდა.

ნუგზარ თინიკაშვილი, ახალგორის მუნიციპალიტეტის [ქართული მხარე] თავმჯდომარე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ სექტემბრიდან ახალგორში მხოლოდ რუსულ და ოსურენოვანი ჯგუფები იმუშავებს.

“იმის გამო, რომ იქ მცხოვრებთა უმრავლესობამ მხოლოდ ქართული ენა იცის, დიდი ალბათობით, მშობლები შვილებს რუსულ და ოსურენოვან ჯგუფებში არ შეიყვანენ და იძულებული გახდებიან, ახალგორი დატოვონ”, – ამბობს ნუგზარ თინიკაშვილი.

ბაგა-ბაღების ქართულენოვანი ჯგუფების გაუქმების პარალელურად, ცვლილებაა მოსალოდნელი ზოგადი განათლების საკითხშიც. კერძოდ, მიმდინარე წლიდან, დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებითვე, პირველ კლასში მიღება მხოლოდ რუსულენოვან სკოლებში მოხდება. სრულად, სკოლებში ქართული ენიდან გადასვლის პროცესი კი ეტაპობრივად განხორციელდება.

“წელს ქართულენოვანი საბავშვო ბაღებიდან 10 აღსაზრდელი უნდა მისულიყო სკოლაში. მათ არ იციან არც რუსული და არც ოსური”, – ამბობს თინიკაშვილი.

ბაღის აღსაზრდელებისა და მოსწავლეებისთვის შექმნილი შეზღუდვების პარალელურად, აღნიშნული ცვლილებები, იმ პედაგოგებზეც იქონიებს გავლენას, ვინც ვერ შეძლებს რუსულ ენაზე სწავლებას.

 

მშენებარე რუსულენოვან საბავშვო-ბაღი ახალგორში; ფოტო: sputnik

მშენებარე რუსულენოვანი საბავშვო-ბაღი ახალგორში; ფოტო: sputnik

მასალების გადაბეჭდვის წესი