ახალი ამბები

რკინიგზელები სამუშაო პირობების ცვლილების მოთხოვნით შიმშილობის აქციას გეგმავენ

9 აგვისტო, 2017 • 2203
რკინიგზელები სამუშაო პირობების ცვლილების მოთხოვნით შიმშილობის აქციას გეგმავენ

3 თანამშრომელი საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციას მათ ძველ სამუშაო ადგილზე აღსადგენად და მათ მიერ წაყენებული პირობების დასამაყოფილებლად 7-დღიან ვადას აძლევს და წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობის აქციის დაწყებას გეგმავს. რკინიგზაში თანამშრომლების მოთხოვნის საპასუხოდ აცხადებენ, რომ ყველანაირი ცვლილება მათთან შეთანხმებით მოხდა.

უჩა ხვთისიაშვილი 13 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს რკინიგზის აღმოსავლეთ სალიანდაგო სამმართველოს კახეთის რეგიონში და ლიანდაგების უსაფრთოხებას ამოწმებდა, თუმცა რამდენიმე კვირის წინ ის და კიდევ 2 თანამშრომელი, ვახტანგ ცისკარიშვილი და აკაკი ჭარელაშვილი როგორც ამბობს, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

როგორც ისინი ამბობენ, რკინიგზის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ისინი 25 ივლისს კახეთიდან თბილისში დაიბარეს და ხელი მოაწერინეს დოკუმენტის გაცნობაზე, რომლის თანახმადაც მიღებულია გადაწყვეტილება კახეთის რეგიონალური სამსახურისთვის სახელის შეცლის შესახებ, რომ ის უნდა გაფართოვდეს და ეწოდოს “სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონი”.

შემდეგ მათივე თქმით, 1 აგვისტოს გაურკვეველი მიზეზით რკინიგზელები ისევ დაიბარეს თბილისში. მათ განუმარტეს, რომ იმ დღიდან მათი სამუშაოს დაწყების ადგილი თბილისი იქნებოდა და მოემსახურებოდნენ მარნეული-გრდაბანის სარკინიგზო ხაზს.

რკინიგზელთა თქმით, აღნიშნული ცვლილების მიუხედავად, არ იზრდებოდა მათი ხელფასი და ყოველგვარი ხარჯის – საცხოვრებელი, კვება, მგზავრობა თავად მოუწევდათ. აქედან გამომდინარე მათ შეუძლებლად მიაჩნდათ სამუშაოს შესრულება, რაზეც ადმინისტრაციას წერილობით აცნობეს. მოლაპარაკებების ნაცვლად კი, მათი განცხადებით, საქართველოს რკინიგზამ მათი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, რაც საქართველოს რკინიგზელთა ახალ პროფკავშირის წარმომადგენლების განცხადებით, შრომის კოდექსის პრინციპების უხეში დარღვევაა.

უჩა ხვთისიაშვილის თქმით, დოკუმენტზე, რომელზეც თავდაპირველად ხელი მოაწერეს სამუშაო ადგილის ადგილმონაცვლეობაზე არაფერი იყო ნათქვამი და მოსალოდნელი ცვლილების შესახებ წინასაწარ მათთვის ინფორმაცია არავის მიუწოდებიათ.

თანამშრომლები თავიანთი უფლებების დასაცავად სასამართლოში დავასაც გეგმავენ, მას შემდეგ რაც სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ოფიციალურად ჩაიბარებენ.

იმ შემთხვევაში თუ საქართველოს რკინიგზა არ ითანამშრომლებს მათთან, არ მოისმენს და არ გაიზიარეს მათ მიერ შეთავაზებულ პირობებს და არ აღადგენს მათ სამსახურში იმავე ადგილას, სამივე დასაქმებული 14 აგვისტოდან შიმშილობის აქციის დაწყებას გეგმავს კრინიგზის შენობასთან. მათ სავარაუდოდ მხარდამჭერებიც შეუერთდებიან.

“სამწუხაროდ, რკინიგზა უარს აცხადებს სოციალურ დიალოგზე. არ გამოდის კონტაქტზე და არ აწარმოებს მოლაპარაკებას დასაქმებულ ადმიანებთან. ერთადერთი საშუალება იმისათვის, რომ ამ ადმაიანებმა იბრძოლონ თავიანთი უფლებებისთვის არის სასამართლო, რომელსაც აუცილებლად მივმართავთ. მოვითხოვთ, რკინიგზისაგან, რომ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში გადაწყდეს მათი სამუშაო ადგილებზე აღდგენის საკითხი, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაიწყებენ შიმშილობას,” – აცხადებს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის პრეზიდენტი ვიტალი გიორგაძე.

პროფკავშირებში აცხადებენ, რომ შრომის კოდექსში 2013 წელს შესული ცვლილებების თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია თანამშრომელს სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზები განუმარტოს. ასევე შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, სამუშაო ადგილი ინდივიდუალურ ხელშეკრულებაში არსებით პირობად განისაზღვრება. ამავე კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით, “შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით”. ისინი მხარდაჭერას უცხადებენ რკინიგზელებს და დაეხმარებიან მათ სასამართლოში დავის დასაწყებად.

საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ თანამშრომლებს ვითარება წინასწარ განუმარტეს და რეორგანიზაციის შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ.

“გადაყვანილი თანამშრომლები უზრუნველყოფილები არიან საცხოვრებელი პირობებით და ტრასნპორტირებით. გარდა ორი პიროვნებისა, რომლებსაც ახალი პროფკავშირის წევრები იყენებენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, სხვა გადაყვანილი თანამშრომლები ახორციელებენ საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას. მიუხედავად იმისა, რომ რკინიგზელთა აზალი პროფკავშირის განცხადებაში ნახსენები თანამშრომლები გარკვეული პერიოდია არიდებენ თავს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, საქართველოს რკინიგზას ისინი დღემდე არ გაუთავისუფლებია სამსახურიდან და 8 აგვისტოს მათ კიდევ ერთხელ ოფიციალურად გაეგზავნათ შეხსენება, სამსახურში გამოცხადების თაობაზე. ამასთანავე, შემაშფოთებელია ის ტენდენცია, რომ რკინიგელთა ახალი პროპკავშირები პერმანენტულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ ბრალდებებს უყენებენ საქართველოს რკინიგზას,” – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი