ახალი ამბები

ინახავს თუ არა თბილისის მერია ახალ ავტობუსებს წინასაარჩევნო პერიოდისთვის?

9 აგვისტო, 2017 • 2205
ინახავს თუ არა თბილისის მერია ახალ ავტობუსებს წინასაარჩევნო პერიოდისთვის?

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მერია წინასაარჩევნოდ აპირებს ახალი ავტობუსების გამოყვანას, თბილისის მერიაში კი განმარტავენ, რომ ახალი ავტობუსების ხაზებზე გაყვანა, გეგმიურად და ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ალეკო ელისაშვილი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მეორე ავტობაზასთან. 9.08.2017. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ალეკო ელისაშვილი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მეორე ავტობაზასთან. 9.08.2017. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

“თბილისის მერიას ამ სიცხეში გამოყვანილი ჰყავს მხოლოდ ნაწილი ავტობუსებისა და საერთოდ არ ადარდებს , რომ ადამიანები არაკომფორტულ ტაქსებში მგზავრობენ. ამას აკეთებს იმიტომ, რომ სექტემბრის ბოლოს გამოოყვანოს და ამით წინასაარჩევნოდ მოიწონოს თავი. ადამიანებზე მზრუნველი მერია კი არ შეინახვდა და დააყენებდა მზის გულზე ამ ახალთახალ ავტობუსებს, არამედ გამოიყვანდა და მგზავრებს ნორმალურ პირობებში ამყოფებდა და ამგზავრებდა,” – ეს განცხადება ელისაშვილმა დღეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მეორე ავტობაზასთან გააკეთა, სადაც მან ჟურნალისტებს იქ პარკირებული ახალი, მან-ის მარკის ლურჯი ავტობუსები აჩვენა.

როგორც ელისაშვილი განმარტავს, ტენდერის მიხედვით,თბილისში სულ 143 ახალი ავტობუსია ჩამოყვანილი, თუმცა, ქალაქში მხოლოდ 50-მდე მოძრაობს, დანარჩენი კი, როგორც მერობის კანდიდატი ამბობს, უკვე სამი თვეა, ავტობაზაზე დგას.

“ჩემი მოწოდებაა, რომ თბილისი მერია ამ საარჩევნო მაიმუნობებს მოეშვას და თავისი ვადის დასასრულისთვის ნარმანიამ ერთი ნორმალური რამე გააკეთოს ქალაქისთვის და მისცეს სატრანსპორტო კომპანიას მითითება, გამოიყვანოს ყველა ავტობუსი ქუჩებში და მისცენ ადამიანებს საშუალება, რომ კომფროტულად იმგზავრონ,” – განაცხადა ელისაშვილმა.

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინდაძე ელისაშვილის განცხადებას “წინასაარჩევნო მაიმუნობას” უწოდებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებს.

“ამ დროისათვის ავტობუსების ხაზებზე გაყვანა მიმდინარეობს გეგმის მიხედვით, 12 სამარშრუტო ხაზზე მოძრაობს ავტობუსები, დარჩა 1 ხაზი, რომელიც არის 150 და ჩვენ ველოდებით, პეკინის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას. ასევე, ახლა მოქმედებს ზაფხულის რეჟიმი, რომელიც მგზავრთნაკადების გადაყვანისას ითხოვს შედარებით ნაკლებ ავტობუსებს. 15 სექტემბრიდან იწყება ჩვეულებრივი რეჟიმი.”

თბილისის მერიის ცნობით, 15 სექტემბრიდან 13 სამარშრუტო ხაზზე ყოველდღე 125 ერთეული ავტობუსი იმოძრავებს, დარჩენილი 18 კი იქნება რეზერვი.

შეგახსენებთ, რომ თბილისში Man-ის ფირმის  ლურჯი ავტობუსები წინა წლის სექტემბრიდან მოძრაობენ. ჯამში, თბილისის მერიასა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ჩამოყვანილია 143 ავტობუსი. დღესდღეობით თბილისის მასშტაბით ე.წ. ლურჯი ავტობუსები №  39, 9, 14, 21, 24, 37, 51, 61, 87, 88 და 140  მარშრუტებზე მოძრაობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი