ახალი ამბები

“ახალი მემარჯვენეები” საკონსტიტუციო კომისიის შექმნას მოითხოვენ

25 აპრილი, 2013 • 1076
“ახალი მემარჯვენეები” საკონსტიტუციო კომისიის შექმნას მოითხოვენ

“ახალი მემარჯვენეები“ მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში უკვე მიმდინარე რეფორმები, კონკრეტულად ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელზეც ინტერფრაქციული ჯგუფი მუშაობს, ავტომატურად საჭიროებს კონსტიტუციაში მათ ასახვას:

 

“ეს ისეთი ცვლილებებია, რომლებიც  აუცილებლად ითხოვს კონსტიტუციის საფუძვლიან  და არა ფრაგმენტულ  გადასინჯვას და, შესაბამისად, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნას.

 

გარდა ამისა,  2013 წლის  საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღიდან ძალაში შედის საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები, რომელიც 2010 წელს “ნაციონალური მოძრაობის“  ძალისხმევის შედეგად  განხორციელდა. აღნიშნული  საკონსტიტუციო “სიახლეები“  ინსტიტუციურად აძლიერებს  აღმასრულებელ შტოს და ასუსტებს საპარლამენტო ხელისუფლებას. ხელისუფლების შტოთა შორის წარმოქმნილი დისბალანსის აღმოფხვრის აუცილებლობიდან გამომდინარე  მემარჯვენეები საჭიროდ თვლიან  შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას,” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “ახალი მემარჯვენეების” პრეს-სამსახური ავრცელებს.

 

„კონსტიტუცია ფართო საზოგადოებრივ– პოლიტიკური კონსესუსის საფუძველზე უნდა შეიქმნას და ნებისმიერი სერიოზული ცვლილებები ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით უნდა ხდებოდეს. უახლოეს მომავალში უნდა შეიქმნას სახელმწიფო საკონსტიტუციო  კომისია, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებათა პაკეტის განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიის შეუქცევად განვითარებას,“ – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი