რუსეთმა 2006 წელს დეპორტირებულ ქართველს 30 000 ევროს ოდენობით კომპენსაცია აუნაზღაურა

არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ცნობით, რუსეთმა აღასრულა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება  და 2006 წელს დეპორტირებულ ქართველ ლია შიოშვილს კომპენსაცია ჩაურიცხა. მის ინტერესს ევროსასამართლოში “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” წარმოადგენდა.

როგორც ორგანიზაცია აცხადებს, რუსეთის ფედერაციიდან დეპორტირებულ ქართველს 30 000 ევრო გადაუხადეს. მათივე ცნობით, ეს არის საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის ფარგლებში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის ხელისუფლებამ ევროსასამართლოს დადგენილება აღასრულა და დაზარალებულს კომპენსაცია აუნაზღაურა.

ევროსასამართლომ ლია შიოშვილის საჩივარი 20 დეკემბერს დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ რუსეთს აპლიკანტისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების თანხა – 30.000 ევროს ოდენობით უნდა გადაეხადა.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში დაწვრილებით არის აღწერილი, თუ რისი გადატანა მოუხდა 2006 წლს რუსეთიდან გამოძევებისას ოთხი შვილის (11, 9, 6 და 2 წლის ბავშვების) დედას, ლია შიოშვილს, რომელიც ამ დროს ორსულობის მეცხრე თვეში იყო, საქართველოში გამოძევებისას.

“ქალბატონი შიოშვილი და მისი შვილები დასახლდნენ რუსეთში 2003 წელს. 2006 წლის 7 ნოემბერს, მოსკოვის რეგიონის რუზსკის რაიონულმა სასამართლომ გამოსცა გაძევების გადაწყვეტილება ქალბატონი შიოშვილის წინააღმდეგ. ყველა აპლიკანტმა დატოვა მოსკოვი 2006 წლის 20 ნოემბერს. რუსეთსა და საქართველოს შორის შეჩერებული სატრანსპორტო კავშირების გამო, მათ მატარებლით იმგზავრეს ბაქომდე (აზერბაიჯანი). იმ დროს, ქალბატონი შიოშვილი იყო 8 თვის ფეხმძიმე. ოთხი სხვა აპლიკანტი იყო 11, 9, 6 და 2 წლის შესაბამისად. 2006 წლის 22 ნოემბერს, 10.30 წუთზე, მატარებელი რუსეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე იყო.

აპლიკანტების მიხედვით, შემდგომ ასე განვითარდა მოვლენები: მატარებელი გაჩერდა რუსეთის მიგრაციის სამსახურის თანამშრომლების მიერ. მათ ქალბატონ შიოშვილს ჩამოართვეს 400 აშშ დოლარი (იმ სავარაუდო მოტივით, რომ იგი არ იყო გაცხადებული), სანამ ქართველ მგზავრებს შეატყობინებდნენ, რომ მათ დოკუმენტებში დარღვევები იყო დაფიქსირებული და შესაბამისად, აღარ შეეძლოთ გზის გაგრძელება. ქართველებს დაატოვებინეს მატარებელი და ფეხით მივიდნენ ავტობუსამდე, რომელიც მათ დერბენტში მიიყვანდა.

მგზავრობა განსაკუთრებით რთული იყო ქალბატონი შიოშვილისთვის. მას უნდა ემგზავრა ჩემოდნითა და უმცროსი შვილით გარეთ, ცივ ამინდში, იმ დროს, როცა იგი ორსულობის ბოლო თვეში იყო და წუხდა თავისი შვილების ჯანმრთელობასა და ჯერ კიდევ დაუბადებელ ბავშვზე. მან არაერთი ზეპირი საჩივარი დააფიქსირა მიგრაციის ოფიცრების წინაშე, მაგრამ უშედეგოდ. დერბენტში ჩასვლის შემდეგ, ჯგუფს მოსთხოვეს მიგრაციის ოფისის მონახულება. აპლიკანტები გარეთ იცდიდნენ 2 საათის განმავლობაში, სანამ ჯგუფი გადაყვანილი იქნებოდა დერბის მატარებლის სადგურში ღამის 3 საათზე, მთელი ღამის გასატარებლად. ქართველებს არც საკვები და არც საჭმელი არ ჰქონდათ და მათ უნდა გადაეხადათ 500 რუბლი სასაზღვრო 3 პოლიციისთვის, თუ სურდათ საპირფარეშოს გამოყენება. შემდეგ დილით ისინი დაბრუნდნენ მიგრაციის სამსახურის ოფისში, სადაც მათ მთელი დღე გარეთ გაატარეს 5°C -ის ქვეშ.

23 ნოემბრის საღამოს, ქალბატონი შიოშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მისი შვილების ტიროდნენ და ახველებდნენ და შესაბამისი ორგანოების მხრიდან არ ყოფილ შეთავაზებული რაიმე საკვები, წყალი ან თავშესაფარი. ქართველთა ჯგუფმა შეძლო მჭიდროდ დასახლებული ბინის ქირავნობა დერბენტში, სადაც აპლიკანტები დარჩნენ, სანამ მიგრაციის ოფისს სტუმრობდნენ. 29 ნოემბერს, ქალბატონმა შიოშვილმა და მისმა სამმა უფროსმა შვილმა ეცადა აზერბაიჯანის საზღვარის გადაკვეთა. თუმცა, ისინი უკან დაბრუნდნენ იმ მოტივით, რომ გაძევების შესახებ გადაწყვეტილება ეხებოდა მხოლოდ ქალბატონ შიოშვილს და არა მის შვილებს. ქალბატონი შიოშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რადგან იგი იყო გაცივებული, ჰქონდა ცხელება, დეპრესია და ასთმის განმეორებადი შეტევები. საბოლოოდ, 2006 წლის 4 დეკემბერს, ქალბატონ შიოშვილს ჰქონდა ყველა საჭირო დოკუმენტაცია მისთვის და მისი შვილებისთვის, რათა დაეტოვებინა რუსეთი. აზერბაიჯანის გავლით რთული გზის შემდეგ, ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში მეორე დღეს. თუმცა, ქალბატონი შიოშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სუსტდებოდა, რადგან მას ჰქონდა საშინელი ხველა, ცხელება, ასთმის შეტევა და მუცლის მწვავე ტკივილი.

15 დეკემბერს, მან დაბადა მკვდრადშობილი ბავშვი. 2008 წლის ივლისში, ქალბატონმა შიოშვილმა შეიტანა საჩივარი მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურატურაში. მას აცნობეს, რომ საჩივარი გადაეცა დერბენტის პროკურორს, მაგრამ არ მიუღია შემდგომი ინფორმაცია მის საქმესთან დაკავშირებით. რუსეთის მთავრობა მიიჩნევდა, რომ სასაზღვრო კონტროლის სამსახურებს არ მიუყვანიათ რომელიმე ქართველი მიგრაციის სამსახურში 2016 წლის 22 ან 23 ნოემბერს,”- ვკითხულობთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი