ახალი ამბებიტექნოლოგიები

Sarahah – ანონიმური მესიჯების ახალი სერვისი

9 აგვისტო, 2017 • 12208
Sarahah – ანონიმური მესიჯების ახალი სერვისი

Sarahah ონლაინ მესიჯების ანონიმურად გაგზავნის ახალი სერვისია, რომელმაც ბოლო დღეების განმავლობაში საკმაო პოპულარობა მოიხვეჭრა ქართულ ინტერნეტ სივრცეში.  

ვებსაიტზე დასარეგისტირებლად საკმარისია მარტივი პროცედურის გავლა, კერძოდ კი, ელექტრონული ფოსტის, ე.წ. „ნიქნეიმისა“ და პაროლის შერჩევა. დარეგისტრირების შემდეგ, მომხმარებელი, ლინკის გაზიარებით, საშუალებას აძლევს სოციალური ქსელების მომხმარებლებს ანონიმურად მისწეროს მას.

ანონიმური წერილების სერვისის შექმნისთანავე, იგი საკმაოდ მალე აიტაცეს ჯერ შუა აზიასა და აფრიკაში, ხოლო შემდგომ ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში.

საქართველოში საიტი სულ რამდენიმე დღეა, რაც პოპულარული გახდა.  როგორც  ქართული ინტერნეტ სივრცის მომხმარებლები ამბობენ, ძირითადად, საიტზე დარეგისტრირება გადაწყვიტეს ორი მიზეზის გამო: იმიტომ, რომ გაეგოთ, თუ რას ფიქრობდნენ მათზე მეგობრები თუ ნაცნობები ან იმიტომ, რომ უბრალოდ სახალისოდ გაეტარებინათ დრო.

”ძირითადად ისე ხდება, რომ ჩემ გარშემო ვინცაა, მეგობრები, ნაცნობები ან თუნდაცხალხი, რომელსაც არ ვიცნობ, მაგრამ საერთო მეგობრები გვყავს, ჩემ მიმართსიმპათიით უფრო არიან ხოლმე განწყობილნი. ჰოდა, მაინტერესებდა, მყავდა თუ არამეგობრებში ვინმე, ვისაც ვაღიზიანებ, ან ვინც, თუნდაც, ვერ მიტანს. სიმართლე ითქვას, მოლოდინები, საიტის მიმართ გამართლდა იმ მხრივ, რომ რამდენიმე გამომიტყდა არასასიამოვნო დამოკიდებულებაში ჩემ მიმართ,“ – გვითხრა ფეისბუკის ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

თავდაპირველად, საუდის არაბეთში ბაზირებულმა დეველოპერმა ზაინ ალ-აბიდინ ტაუფიქმა Sarahah შეიქმნა იმისთვის, რომ კომპანიებში ხელმძღვანელობას ანონიმური წერილების მეშვეობით, გაეგო დამსაქმებელთა განწყობები თუ პრობლემები, რასაც პირადი საუბრებისას, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ვერ ახერხებდნენ.  თუმცა, მალევე მან გადაწყვიტა სერვისი ფართო საზოგადოებისთვის პირადი საუბრებისთვისაც შეეთავაზებინა.  

13 ივლისს კი სწორედ ამისთვის შეიქმნა სპეციალური აპლიკაცია მობილური ტელეფონებისთვისაც. დღესდღეობით ის ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე iOS-ის პლატფორმებზე. როგორც  Sarahah შემქმნებელი აცხადებენ, ფაქტობრივად, შეუძლებლია საიტზე თუ აპლიკაციაზე დარეგისტირებული მომხმარებლების ანონიმურობის დარღვევა და მათი ვინაობის  გარკვევა.

Sarahah-ს ქართულ ინტერნეტ სივრცეში გამოჩენიდან რამდენიმე დღეში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გამოეხმაურა განცხადებით, რომელშიც ხაზგასმულია, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ანონიმური წერილების გაგზავნის სერვისს უკვე 300 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, მის წესებსა და პირობებს და აგრეთვე კონფიდენციალურობის პოლიტიკას , მომხმარებელთა მცირე ნაწილი გაეცნო. განცხადებაში აღნიშნულია სერვისის წესდების ორი პუნტქი, რომელიც წესებისა და პირობების ცვლასა და პასუხისმგებლობას ეხება.

ჩვენ გვაქვს წესებისა და პირობების ცვლილების უფლება საჭიროების შემთხვევაში“ – აცხადებს აპლიკაცია. ის, ასევე, იხსნის პასუხისმგებლობას შეტყობინებების შინაარსთან დაკავშირებით. „ვებსაიტის მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინებების შინაარსზე პასუხისმგებლები მათი შემქმნელები არიან და Sarahah არ აგებს პასუხს ზიანზე, რომელიც კონტენტის ან საიტის სერვისების გამოყენების შედეგად შეიძლება დადგეს.”

გარდა ამისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი აღნიშნავს, რომ იმ მონაცემთა შორის, რომელსაც აპლიკაცია მომხმარებლისგან აგროვებს შედის ვიზიტის თარიღი და დრო, ინტერნეტპროტოკოლის (IP) მონაცემს, ბრაუზერის ტიპს და იმ გვერდის URL-ს, რომელმაც მომხმარებელი Sarahah-ზე გადაამისამართა.

მიუხედავად იმისა, რომ Sarahah არ ამჟღავნებს მომხმარებლის ვინაობას, ის სრულიად იხსნის პასუხისმგებლობას წერილის შინაარსზე.

განცხადების ბოლოს უწყება წერს:

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გირჩევთ, „ვეთანხმები“ ღილაკზე დაჭერამდე:

ყურადღებით გაეცნოთ აპლიკაციის წესებსა და პირობებს, გააანალიზოთ,  რა მასშტაბის წვდომას ითხოვენ თქვენს მონაცემებზე მომსახურების სანაცვლოდ, შეაფასოთ აპლიკაციის/ვებგვერდის სანდოობა და გააკეთოთ ინფორმირებული არჩევანი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი