ახალი ამბები

“გილეადის” ხელმძღვანელებს C ჰეპატიტის ელიმინაცის პროგრამისთვის ორდენები გადასცეს

9 აგვისტო, 2017 • 1863
“გილეადის” ხელმძღვანელებს C ჰეპატიტის ელიმინაცის პროგრამისთვის ორდენები გადასცეს

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებით მიმდინარეობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილეადის“ აღმასრულებელი თავმჯდომარე ჯონ მარტინი – ოქროს საწმისის ორდენით, ხოლო აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი გრეგ ალტონი, ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ჯილდოები კომპანიის ხელმძღვანელებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ გადასცა. მათივე ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო.

“C ჰეპატიტის აღმოფხვრა ერთი მხრივ, ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესს, ხოლო მეორე მხრივ – ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რისი გაკეთება შეუძლია ქვეყანას თავისი მოქალაქეებისთვის. ჩვენ გვსურს, C ჰეპატიტის ელიმინაციის ქართული მოდელი სხვა ქვეყნებსაც გავუზიაროთ, რათა  ეს დაავადება მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღმოიფხვრას,” – „გილეადის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, გრეგ ალტონის კომენტარს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „გილეადის“ მხარდაჭერით 2015 წლიდან ახორციელებს. ამ დროისთვის, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულია 40 000-ზე მეტი ბენეფიციარი, რომელთაგან 31 000-ზე მეტმა მკურნალობის კურსი დაასრულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი