ახალი ამბები

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “ჯეოსელი” 30 000 ლარით დააჯარიმა

9 აგვისტო, 2017 • 2373
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “ჯეოსელი” 30 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომსიამ “ჯეოსელს” 30 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. კომისიას საჩივრით “ჯეოსელის” წინააღმდეგ შპს „სისტემ ნეტმა“ მიმართა, რომელსაც “ჯეოსელმა” კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, რასაც “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონი მოითხოვს, საერთაშორისო ზარის დასრულების ნაწილში მომსახურებაზე დაშვება შეუზღუდა.

კომისიამ მიმდინარე წლის მაისის თვეში აღნიშნული დავა განიხილა, შპს „ჯეოსელი“ წერილობით გააფრთხილა და ურთიერთჩართვის მომსახურების დაუყოვნებლივ აღდგენა დაავალა. თუმცა, კომპანიას კომისიის გადაწყვეტილება არ აღუსრულებია, რის
გამოც შპს „სისტემ ნეტმა“ კომისიას საჩივრით შპს „ჯეოსელის“ წინააღმდეგ ხელახლა მიმართა.

საერთაშორისო ზარების შემომტანი ტრანზიტული ოპერატორები და ადგილობრივი ქსელები ტარიფებზე ვერ თანხმდებოდნენ, რის გამოც, 12 აპრილს 18-დან 00:00 საათამდე კომპანიებმა  საერთაშორისო ზარების შემომტანი ტრანზიტული ოპერატორების ქსელიდან გათიშვა დაიწყეს, რამაც, უცხოეთიდან შემომავალი ზარების შეფერხება გამოიწვია.

სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაციის ინფორმაციით, ტრანზიტული ზარების შეწყვეტის შემთხვევაში 12 მცირე ოპერატორი ბაზრის გარეთ დარჩება, მათ ადგილს კი თავად ქსელური ოპერატორები დაიკავებენ, რომლებიც შეძლებენ გარკვეული ხნის შემდეგ შუალედური რგოლის გარეშე მიიღონ შემომავალი ზარები.

ურთიერთჩართვების შეწყვეტის შესახებ კომპანიებს ქსელებმა 10 აპრილს აცნობეს. ამის მიზეზად კი ის სახელდება, რომ ისინი ტრანზიტულ ოპერატორებთან მომსახურების ფასზე ვერ თანხმდებიან.

ოპერატორები აცხადებდნენ, რომ მათ უფლება არ აქვთ, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილ ფასზე მეტი გადაახდევინონ მომხმარებელს. ამ ეტაპზე ეს ფასი დაახლოებით 18 თეთრია. მათთვის გაგზავნილ წერილებში კი კომპანიები ძველი ტარიფის, 20 ცენტის შენარჩუნებას ითხოვენ.

 

“ამჯერად, შპს „ჯეოსელს“ 30 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა, ასევე, შპს „სისტემ ნეტისთვის“ საერთაშორისო ზარების დასრულების ნაწილში შეწყვეტილი ურთიერთჩართვის დაუყოვნებლივ აღდგენა და მხარეებს შორის წერილობითი
ხელშეკრულების დადება დაავალა” – ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი