შს მინისტრის მოადგილე: ღამით ხანძრის ჩაქრობა ვერტმფრენით გამორიცხულია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, მერაბ მალანიას თქმით, ღამის პირობებში, უსაფრთხოების გამო, ხანძრის ჩაქრობა ვერტმფრენით გამორიცხულია. ამის შესახებ მან ტვ პირველს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, მთაწმინდაზე დამწვარია დაახლოებით 2000 კვადრატული მეტრის ფართობი. შს მინისტრის მოადგილის თქმით, ადგილზე მუშაობს 70 მეხანძრე–მაშველი, 8 სახანძრო მანქანა და მოქალაქეების დახმარება არ არის საჭირო.

მალანიას განცხადებით, ევაკუაცია არცერთ ტერიტორიაზე გამოცხადებულა, რადგან ამის საჭიროება არ იყო. მისი თქმით, ამ დროისთვის მეხანძრეები ხანძრის ბოლო კერებს ებრძვიან. შსს–ს განცხადებით, აღარ არსებობს ხანძრის გავრცელების საშიშროება, ხოლო მოსახლეობა უსაფრთხოდაა.

მთაწმინდის ფერდობზე ძლიერი ხანძარი 8 აგვისტოს, დაახლოებით, 22:00 საათზე გაჩნდა. თავდაპირველად, ადგილზე 6 სახანძრო–სამსაშველო ჯგუფი გავიდა, თუმცა იმის გამო, რომ ვერ უდგებოდა ავტომობილი ხანძრის კერებს, დამატებით სახანძრო ჯგუფის მობილიზება გახდა საჭირო. მეხანძრეებთან ერთად, ხანძრის ჩაქრობას ნიჩბვებითა და ბარებით მოქალაქეებიც ცდილობდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188–ე მუხლის მე–2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

ხანძარი მთაწმინდაზე. ფოტო: ხატია ყურაშვილი

ხანძარი მთაწმინდაზე. ფოტო: ხატია ყურაშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.