ახალი ამბები

შსს: ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს, მოსახლეობა უსაფრთხოდაა

8 აგვისტო, 2017 • 2555
შსს: ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს, მოსახლეობა უსაფრთხოდაა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზაციის მიზნით ადგილზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი, ასევე, საკმარისი რაოდენობით წყლის ცისტერნა.

შსს–ს პრესსპიკერის, თეა პერტაიას ცნობით, რთული რელიეფური მდებარეობის გამო, სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილება გართულებულია: “თუმცა, მეხანძრე-მაშველების ეფექტური მუშაობის შედეგად, ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს. მისი თქმით, დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება.”

ხანძრის კერების ლოკალიზებას მეხანძრეებთან ერთად მოქალაქეები ნიჩბებითა და ბარებით ცდილობენ. ხანძრის გამო მთაწმინდის პარკში არ გამოცხადებულა ევაკუაცია, თუმცა ტერიტორია საკუთარი სურვილით თითქმის ყველა დამსვენებელმა დატოვა. მოქალაქეებთან ერთად, ხანძრის ჩაქრობის პროცესს ხელისუფლების წარმომადგენლები და დედაქალაქის მერიც ადევნებს თვალს.

დავით ნარმანიას თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები თავდაცვის სამინისტროსთან და საჭიროების შემთხვევაში, ხანძრს ვერტფრენი ჩააქრობს, თუმცა ეს ჯერ–ჯერობით არ არის გადაწყვეტილი. მისი განცხადებით, პანიკის საშიშროება არ არსებობს, რადგან მეხანძრეებმა ძირითადი კერები უკვე ჩააქრეს, ხოლო ახლა პარალელურ რეჟიმში მისი დამუშავება მიმდინარეობს.

მთაწმინდის ფერდობზე ძლიერი ხანძარი 8 აგვისტოს, დაახლოებით, 22:00 საათზე გაჩნდა. თავდაპირველად, ადგილზე 6 სახანძრო–სამსაშველო ჯგუფი გავიდა, თუმცა იმის გამო, რომ ვერ უდგებოდა ავტომობილი ხანძრის კერებს, დამატებით სახანძრო ჯგუფის მობილიზება გახდა საჭირო.

მასალების გადაბეჭდვის წესი