ახალი ამბები

თბილისი პუტინის აფხაზეთში ჩასვლას პროვოკაციულ ქმედებად აფასებს

8 აგვისტო, 2017 • 2209
თბილისი პუტინის აფხაზეთში ჩასვლას პროვოკაციულ ქმედებად აფასებს

დღეს, 8 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩაფრინდა. თბილისი რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმქდებები საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2008 წელს საქართველოში ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის დღეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში “ვიზიტი” წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგ მოსკოვის გამიზნული პოლიტიკის გაგრძელებას:

“აგვისტოს ომის მე-9 წლისთავზე მსგავსი ცინიკური ქმედება ემსახურება სამხედრო აგრესიის, ეთნიკური წმენდისა და ოკუპაციის გზით სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას რუსეთის მხრიდან. ამ ნაბიჯით კრემლი ასევე უშედეგოდ ცდილობს თავისი საოკუპაციო რეჟიმების მხარდაჭერასა და ლეგიტიმაციას.”

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით რუსეთის პრეზიდენტის “ვიზიტს” ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს:

“მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას.”

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს მოსკოვის აგრესიულ ნაბიჯებს და ქმედითი ზომები მიიღოს, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.​

მასალების გადაბეჭდვის წესი