თბილისის ყოფილი იპოდრომი თავშეყრის ადგილია თბილისის მაცხოვრებლებისთვის

პარკი იპოდრომის ტერიტორიაზე – უდუმაშვილის დაპირება და ივანიშვილის ქონება

“ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი მერად არჩევის შემთხვევაში ქალაქის მცხოვრებლებს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის გამოსყიდვას და იქ ქალაქის ცენტრალური პარკის გაშენებას პირდება. რა შანსია, რომ ეს საარჩევნო დაპირება შესრულდეს, მაშინ როცა ტერიტორია კერძო საკუთრებაშია და მას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ფლობს.

ზაალ უდუმაშვილმა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის გამოსყიდვის თაობაზე, პირველად ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერით ისაუბრა. ყოფილი ტელეწამყვანი და ამჟამად მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ამბობს:

“გამარჯვების შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი ინიციატივა რაც იქნება, დავაყენებ საკითხს იპოდრომის ტერიტორიის გამოსყიდვის შესახებ, ეს უნდა იყოს თბილისის ცენტრალური პარკი, სადაც ყოველდღიურად ათასობით თბილისელი ამოვა იმისთვის, რომ დაისვენოს საკუთარ ოჯახებთან ერთად”,- ამბობს უდუმაშვილი.

თბილისის  სარეგისტრაციო ზონის საკადასტრო რუკის მიხედვით, იპოდრომის ყოფილი ტერიტორია 4 ზონადაა დაყოფილი. ყველა ზონას, ანუ მთლიანად აღნიშნულ ტერიტორიას,  შპს “ინვესტ კაპიტალი” ფლობს, რომელთანაც აღნიშნული ტერიტორიის შესახებ სხვადასხვა დროს გარიგებები აქვს დადებული ბანკ “ქართუს”. თავად “ინვესტ კაპიტალის” ხელმძღვანელი კახა კობიაშვილია, რომელიც ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავია. “ინვესტ კაპიტალის” 100%-იანი წილის მფლობელი კი პანამაში ბაზირებული სააქციო საზოგადოება “ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელია”.

ნეტგაზეთი ზაალ უდუმაშვილს დაუკავშირდა. მას ვკითხეთ, თუ როგორ აპირებს კერძო პირს დაათმობინოს აღნიშნული ტერიტორია. ზაალ უდუმაშვილი “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონზე მიუთითებს:

“კანონი აძლევს უფლებას როგორც სახელმწიფოს, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტს, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოს ან საზოგადოებრივ ინტერესებს, მან გამოისყიდოს ან ადგილმონაცვლეობა გააკეთოს ტეერიტორიის, რა თქმა უნდა, სამართლიანობის პრინციპის დაცვით.  მე კი არ ვაპირებ ვინმეს რამე წავართვა, შეფასდება  ეს ტერიტორია და გამოვისყიდი იმ ფასად, რაც ეღირება. ამ შემთხვევაში, კანონი მაძლევს უფლებას, ეს გამოვისყიდო, თუ ეს საზოგადოებრივი ან სახელმწიფოებრივი ინტერესია”,- ამბობს უდუმაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისივე თქმით, ყოფილი იპოდრომის ტერიტორია თბილისელებისთვის, მათი და მათი შვილების ჯანმრთელობისთვის მთავარ ინტერესს წარმოადგენს:

“კანონი ცალსახად ამბობს, როდესაც საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესია, როგორც ცენტრალურ ხელისუფლებას, ისე თბილისის მუნიციპალიტეტს შეუძლია გამოისყიდოს ან ადგილმონაცვლეობა გააკეთოს ტერიტორიის, სამართლიანობის პრინციპის დაცვით, ხაზს ვუსვამ. მთავარია დაცული იყოს სამართლიანობის პრინციპი, პრიორიტეტი ამ შემთხვევაში ენიჭება სახელმწიფო ინტერესებს. სახელმწიფო ინტერესს დავასაბუთებ მე. თბილისისთვის აუცილებლობაა, რომ ჰქონდეს მთვარი ცენტრალური პარკი. მერწმუნეთ, ის თანხა, რომელიც უნდა გადავიხადოთ, დაუშვათ თბილისი მერიას თუ მოუწევს გადახდა ამ ცენტრალურ პარკში, [მასზე] გაცილებით უფრო ძვირი ღირს ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობა,”- ამბობს უდუმაშვილი.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა ექსპროპრიაციის გზით, მაგრამ არის თუ არა ასე იოლი კერძო პირისთვის ქონების დათმობის იძულება, თუნდაც ანაზღაურების სანაცვლოდ და თუნდაც სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით? ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ირმა პავლიაშვილი გვიხსნის იმ სამართლებრივ პროცედურებს, რომელსაც ზაალ უდუმაშვილის მიერ დასახელებული კანონი ითვალისწინებს ქონების ექსპროპიეაციისთვის.

იურისტი განმარტავს, რომ  კანონის თანახმად, ექსპროპრიაციის წესით ქონების ჩამოსართმევად რამდენიმე სუბიექტის ჩართულობაა საჭირო:

“ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე დგინდება ქონების ექსპროპრიაციის წესით ჩამორთმევის გარდაუვალობა და სუბიექტი, თუ ვის უნდა მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება და საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები პირი არის არა მერი ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, არამედ სასამართლო”,- ამბობს იურისტი.

ირმა პავლიაშვილი განგვიმარტავს, რომ სუბიექტის ექსპროპრიაციის აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი განსაზღვრავს საკუთარი ბრძანებით, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას ექსპროპრიაციაზე სასამართლო მიიღებს. რაც იმას ნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, თუ ზაალ უდუმაშვილი მერი გახდება, მისი ოპონენტი პარტიის “ქართული ოცნების” ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ უნდა მიმართოს სასამართლოს იპოდრომის ტერიტორიის ივანიშვილისთვის ჩამორთმევის მოთხოვნით.

მიუხედავად იმისა, რომ ზაალ უდუმაშვილის წინასაარჩევნო დაპირებას მინიმალური შესრულების შანსი აქვს, უდუმაშვილს ნაფიქრი აქვს იმაზეც, თუ როგორი უნდა იყოს თბილისის ცენტრალური პარკი. “რუსთავი 2”- თან საუბრისას, ის ამბობს, რომ “აუცილებლად სურს “მოცეკვავე შადრევანი” გააკეთოს”, ნეტგაზეთთან საუბრისას კი დააკონკრეტა, რომ ცენტრალური პარკის დაგეგმარებაზე ღია კონკურსი გამოცხადდება:

“არ გამოვრიცხავ, რომ დაგეგმარების უცხოელი  სპეციალისტები ჩაერთონ, ის ხალხი, ვინც სპეციალისტია ამ საქმის და ტენდერის წესით გამოვავლენ გამარჯვებულს და შესაბამისად, ის განახორციელებს ამ ბაღის გაშენებას. მე ვვარაუდობ წელს და 8 თვე იქნება საჭირო, რომ ახალი პარკის გაშენება დავასრულო”,- ამბობს უდუმაშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com