ქართულ-აფხაზური პროექტის გამო, აფხაზებს “სახელმწიფო ღალატში” ადანაშაულებენ

აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც საერთაშორისო შეხვედრებში ქართველებთან ერთად მონაწილეობენ, “ქვეყნის ღალატში” ადანაშაულებენ.

ამჯერად საქმე შეეხება ანონიმური მომხმარებლის თემურ კოდორის [Timur Kodory] მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას და დოკუმენტებს, რომლის მიხედვით, მოლდოვაში USAID-ის [აშშ] დაფინანსებით აფხაზური ენის დაცვის პროექტში ქართველი და აფხაზი წარმომადგენლები, მწერლები და ლინგვისტები საქართველოს დელეგაციის ეგიდით მონაწილეობდნენ. აქვე გამოქვეყნებულია ინფორმაცია აფხაზი მონაწილეებისთვის გადასარიცხი ჰონორარების ოდენობის შესახებ.

აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნება აფხაზურ სოციალურ სივრცეში რეზონანსული აღმოჩნდა. მომხმარებლები რამდენიმე დღეა პროექტში მონაწილე აფხაზებისგან პასუხს ითხოვენ, “ვის სასარგებლოდ მუშაობს ეს ხალხი?”, – კითხულობს აფხაზ მომხმარებელთა ნაწილი. საკითხის გააქტიურების გამო აფხაზურ საზოგადოებაში, აფხაზური სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს სხვადასხვა მედია საშუალებაში ახსნა-განმარტებებისა და მოსაზრებების გამოქვეყნება მოუწიათ.

პასუხი, ძირითადად, სამოქალაქო საზოგადოების აქტიურმა წარმომადგენლებმა გასცეს, მათ, ვინ წლების განმავლობაში აფხაზეთის სამოქალაქო სექტორს სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრებში წარმოადგენენ და აფხაზურ პოზიციებს იცავენ. მათი განცხადებით, აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც დასავლური დონორები აფინანსებენ, გარკვეული ჯგუფების მთავარი სამიზნე არიან.

“90-იანების დასაწყისში მოპოვებული დამოუკიდებელობით, აფხაზეთი საერთაშორისო სამართლის სუბიექტი გახდა და მისმა მოქალაქეებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ მაქსიმალურად ბევრ საერთშორისო შეხვედრაში, რათა საკუთარი ქვეყნის ინტერესები დაიცვან. თავად მეც, აფხაზეთის აღიარებამდეც ვმონაწილეობდი რამდენიმე აფხაზურ-ქართულ შეხვედრაში, რომელშიც ორივე მხარე მტკიცედ იცავდა საკუთარ პოზიციას. მსგავსი შეხვედრებით არა მხოლოდ საერთშორისო ყურადღებას იწვევს აფხაზეთი, საშუალებას აძლევს ასევე მის წარმომადგენლებს არგუმენტირებული პოლემიკა წარმართონ. ასეთ შეხვედრებში ჩვენი მონაწილეები იწრთობიან და საკუთარი ინტერსების არგუმენტირებულად დაცვას სწავლობენ”, – წერს ჟურნალისტი ნადეჟდა ვენედიკტოვა.

ლიანა ყვარჩელია, ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის წარმომადგენელი კი თავის ბლოგში წერს:

“მოღალატეობაში დებენ ბრალს აფხაზეთის საზოგადოებას, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ამ ხელისუფლების მხარდამჭერი არ არის. ნებისმიერ დონეზე უნდა მოხდეს ჩვენი ხალხისა და აფხაზეთის ინტერესების გატარება. მათ შორის, უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო მოედნები და პირდაპირი კონტაქტები დავამყაროთ გარე სამყაროსთან. გარდა ამისა, თუ არ გვინდა, მომავალში ომი არ დავუშვათ, დღესვე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ძალის გამოყენება თავში არავის მოუვიდეს. ამისთვის კი ქართულ საზოგადოებასთან დიალოგია აუცილებელი”.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები არასამთავრობო სექტორზე თავდასხმების გახშირებას რუსეთ-აფხაზეთის შს ანალიტიკური ცენტრის გახნას და ‘შიდა მტერთან” ბრძოლას უკავშირებენ.

“ვიღაცას ძალიან არ აწყობს აფხაზური არასამთავრობოები, რომლებიც დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის იბრძვიან. ვიღაცას ძალიან აწყობს, ის, რომ არასამთავრობოები აფხაზი სტუდენტებისთვის ევროპულ უნივერსიტეტებში განათლების მიღების შესაძლებლობებს ქმნიან”, – ამბობს ლიანა კვარჩელია.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ამ ფონზე, შესაძლოა, აფხაზეთში “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონპოექტის იდეაც გაჩნდეს, რასაც, მათი განმარტებით, აფხაზეთის საერთაშორისო იმიჯისთვის და სიტყვის თავისუფლებისთვის შეუქცევადი შედეგები მოჰყვება.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი