ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილმა ლიტვაში გადაინაცვლა

8 აგვისტო, 2017 • 4870
მიხეილ სააკაშვილმა ლიტვაში გადაინაცვლა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლიტვაში იმყოფება. მან აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ აქციაში მიიღო მონაწილეობა. სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მადლობას უხდის ლიტველ მეგობრებს მისი მოქალაქეობის დაკარვის საკითხთან დაკავშირებით პოზიციისთვის.

მიხეილ სააკაშვილი “რადიო თავისუფლებისათვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ის უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს და აპირებს უკრაინაის მოქალაქეობა სასამართლოს გზით დაიბრუნოს. მანამდე კი იმოგზაურებს ევროპაში, შენგენის ზონაში, სადაც მას გადაადგილებისათვის საბუთები არ დასჭირდება. სააკაშვილის თქმით, ის ევროკავშირის ქვეყნებში შეხვდება პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს და პოლიტიკურ ანალიტიკოსებს თავისი მდგომარეობის განსახილევლად. ის აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური გეგმები მხოლოდ უკრაინას უკავშირდება.

“მე ვემზადები უკრაინაში სასამართლოსათვის. ვამზადებ შესაბამის იურისიულ დოკუმენტებს. ჩემს ადვოკატებთან ერთად განვიცილავ როდის უნდა დავბრუნდე, რომელ სასამართლოში უნდა შევიტანო სარჩელი და ამასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გავდივარ მხარდამჭერებთან, რომ ამ ყველაფრის ორგანიზება მოხდეს,” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

26 ივლისს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ის იმ დროს აშშ-ში იმყოფებოდა და მოქალაქეობის გარეშეა დარჩენილი. შემდეგ ის პოლონეთში ჩავიდა. პოლონეთიდან კი ლიტვაში გადავიდა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 30 ივლისს განაცხადა, რომ საქართველოს მიერ უკრაინის პროკურატურაში 2 წლის წინ წარდგენილი მოთხოვნა კვლავ ძალაშია და თუ უკრაინული მხარე გადაწყვეტს, მათ შეუძლიათ ქვეყანაში დაბრუნებული სააკაშვილი საქართველოს გადმოსცენ.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 4 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში ვიზიტთან დაკავშირებით, “მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიმართა პოლონეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და დაწყებულია კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა”, თუმცა პოლონელი დეპუტატი მალგოჟატა გოშიევსკა ტვიტერისა და ფეისბუკის გვერდებზე ქართულ ენაზე ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით მათ არავითარი წერილი არ მიუღიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი