ახალი ამბებიკინოხელოვნება

ინტუიცია, რომელიც ამართლებს – ანა ურუშაძის ფილმმა პირველი ჯილდო მიიღო

14 აგვისტო, 2017 • 6908
ინტუიცია, რომელიც ამართლებს – ანა ურუშაძის ფილმმა პირველი ჯილდო მიიღო

რეჟისორ ანა ურუშაძის მხატვრული ფილმი “საშიში დედა” ლოკარნოს 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალის რჩეული გახდა საუკეთესო დებიუტის კატეგორიაში. ფილმის პრემიერაც სწორედ ამავე ფესტივალზე რამდენიმე დღის წინ შედგა. ახლა კი “საშიში დედა” უკვე სარაევოს კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია.

ანა ურუშაძემ 2013 წელს დაამთავრა თბილისში კინოსა და თეატრის უნივერსიტეტი. რეჟისორს ამ დრომდე გადაღებული აქვს ორი მოკლემეტარჟიანი ფილმი. როგორც ამბობს, მას ბავშვობიდან ჰქონდა გადაწყვეტილი კინორეჟისორობა და სურდა მამის, რეჟისორ ზაზა ურუშაძის მსგავსად ფილმებზე ემუშავა. ის თავადვე წერს სცენარებს თავისი ფილმებისათვის.

“ყოველთვის ვბაძავდი მამაჩემს ყველაფერში და მინდოდა გამეკეთებინა ყველაფერი, რასაც აკეთებდა. ამიტომ თავიდანვე ჩაბეჭდილი მქონდა გონებაში, რომ რეჟისორი უნდა გავმხდარიყავი. ვგრძნობდი, რომ რაღაცნაირად სწორი იყო ეს გადაწყვეტილებაც და არ დამისვამს ჩემი თავისთვის ბევრი შეკითხვა,” – ამბობს ანა.

“საშიში დედა” ურუშაძის პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია. ის 50 წლის მწერალი ქალის, მანანას ცხოვრებას ასახავს – დედა და დიასახლისი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და დიდი ხნის ვნებიან გატაცებას შორის. მანანა ცხოვრების აზრს წერაში პოულობს, თუმცა ის თავისუფლება, რომელსაც ის წერის პროცესში პოულობს აჩენს დაპირისპირებას მასსა და მის ოჯახს შორის. დრამაში მთავარ როლს მსახიობი ნატო მურვანიძე ასრულებს.

“დედაჩემს ჰქონდა წიგნის დაწერის მცდელობა, მაგრამ შემდეგ ვერ დაამთავრდა. ახლა ჩემი დაც მუშაობს თავის პირველ წიგნზე. შეიძლევა ვთქვათ, რომ ფილმისთვის თემა აქედან დაიბადა. დანარჩენი კავშირი არ აქვს რეალურ ამბებთან. მათ არ ჰქონიათ წინააღმდეგობები, მაგრამ ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა სხვა ქალებისათვის ასეთ სიტუაციაში ყოფნა,” – ამბობს რეჟისორი.

კადრი ფილმიდან "საშიში დედა"

კადრი ფილმიდან “საშიში დედა”

ამბობს, რომ მუშაობის პროცესში ზუსტი ახსნა არასდროს აქვს საკუთარი ქმედებებისათვის – უყვარს, როდესაც საქმეს ინტუიციურად აკეთებს, როგორც წერის ასევე გადაღების პროცესში:

“სათაურიც კი უცებ მაფიქრდება და ვარქმევ. შემდეგ უბრალოდ ხვდები, იცი, რომ სწორია. მერე აღარ მაინტერესებს ხოლმე. მთავარია გრძნობდე, რომ სწორია. ახსნა მერე მოდის.”

ფილმის გადაღებები თბილისში მიმდინარეობდა რამდენიმე კვირის განმავლობაში. ანას თქმით, გადაღებები ძალიან საინტერესოდ და რაც მთავარია სწრაფად წარიმართა, რამაც საშუალება მისცა, რომ ფილმი მოკლე დროში დაესრულებინა. დასრულებული ფილმის ფერების კორექტირებაზე უკვე ესტონეთში იმუშავა.

“უკვე ვმუშაობ შემდეგი ფილმის სცენარზე. ვცდილობ რაც შეიძლება მალე დავიწყო შემდეგი პროექტი. იდეა უნდა შეიყვანო გონებაში, ჩაკეტო იქ და ცოტა ხანი დაივიწყო. ის შემდეგ ქვეცნობიერად, შენგან დამოუკიდებლად იწყებას განვითარებას. როცა ფორმას იძენს, მერე დაგენახება. იდეა ჩემს გონებაში ცხოვრობს უკვე – ახლა ველოდები.”

ანა ურუშაძის პირველი ფილმი ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია – პროექტმა სახელმწიფო სუბსიდია 2016 წელს მიიღო. ფილმი 2017 წელს დასრულდა და კოპროდიუსერი ქვეყანაა ესტონეთი. ფილმის პროდიუსერები საქართველოდან არიან ლაშა ხალვაში (სტუდია „არტიზმი”), თინათინ ყაჯრიშვილი (სტუდია „ჯემინი”) და ივო ფელტი (Studio Allfilms) ესტონეთიდან. ფილმის საერთაშორისო დისტრიბუციაზე უფლება “ალიფმა” მიიღო.

რეჟისორმა ჯერ ზუსტად არ იცის როდის შედგება ფილმის პრემიერა საქართველოში. ვიდრე მას მაყურებელი თბილისში ნახავს, მანამდე საერთაშორისო ფესტივალებზე ჩვენებას გეგმავენ.

კადრი ფილმიდან "საშიში დედა"

კადრი ფილმიდან “საშიში დედა”

მასალების გადაბეჭდვის წესი