ახალი ამბები

საზმაუს დაავალეს ოჯახში ძალადობაზე ვიდეოს სოციალური რეკლამის სახით გაშვება

8 აგვისტო, 2017 • 1627
საზმაუს დაავალეს ოჯახში ძალადობაზე ვიდეოს სოციალური რეკლამის სახით გაშვება

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საზოგადოებრივ მაუწყებელს დაავალა, რომ ოჯახში ძალადობაზე ვიდეორგოლი სოციალური რეკლამის სახით ეთერში გაუშვას, რასაც მაუწყებელი აქამდე არ აკეთებდა.

კომისიის ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“, რომლიც საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე მონიტორინგს ახორციელებს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარებისა და მათი უფლებების დაცვის შესახებ გადაღებული ვიდეო რგოლი წარუდგინა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსების მიზნით.

მაუწყებელმა აღნიშნული ვიდეო რგოლი არ განათავსა, რადგან მიიჩნია, რომ ვიდეო რგოლში არ იყო ნაჩვენები, რომ მომსახურება უფასო იყო და საქველმოქმედო ხასიათი ჰქონდა, აცხადებს კომისია.

საკითხის მიიჩნია, რომ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ წარმოდგენილი სარეკლამო რგოლი განეკუთვნება სოციალური რეკლამის კატეგორიას, ვინაიდან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარება და მათი უფლებების დაცვა ცალსახად წარმოადგენს საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობას.

კომისიის განმარტებით, ვიდეორგოლი საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლისკენ და საქველმოქედო მიზნების მიღწევისკენ იყო მიმართული.

კომისიამ განმარტა, რომ ვიდეო რგოლი არ შეიცავდა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.

“მართალია, ვიდეო რგოლში მითითებული იყო ორგანიზაციის ტელეფონის ნომრები და მისამართები, თუმცა აღნიშნულის მითითება აუცილებელია, იმისთვის რომ საზოგადოებამ უფლებების დარღვევის შემთხვევაში იცოდეს ვის და სად მიმართო”, – წერია კომისიის განცხადებაში.

კომისიამ ასევე გაიზიარა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პოზიცია, რომ ვიდეო რგოლში დასაზუსტებელია, რომ მომსახურება რომელსაც „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სთავაზობს ძალადობის მსხვერპლს არის უფასო.

კომისიამ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ სამაუწყებლო ბადეში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ დამზადებული დაკორექტირებული ვიდეო რგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსება დაავალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი