ახალი ამბებიკომენტარი

შეუშლის GEM FEST-ის მოვლენები ხელს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზებას? – ინტერვიუ გურო იმნაძესთან

8 აგვისტო, 2017 • 8737
შეუშლის GEM FEST-ის მოვლენები ხელს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზებას? – ინტერვიუ გურო იმნაძესთან

მუსიკალურ ფესტივალ GEM FEST-ზე ადამიანების ინტოქსიკაციის, მათ შორის, ერთი ახალგაზრდის გარდაცვალების შემდეგ, ფეისბუკზე გამართულ დისკუსიებში ადამიანების ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი შემთხვევევის თავიდან ასაცილებლად ნარკოპოლიტიკა კიდევ უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს, ნაწილი კი ამბობს, რომ ლიბერალიზება აუცილებელია. რას გამოიწვევს ეს პროცესი – ამ საკითხზე EMC-ის იურისტს, გურო იმნაძეს ვესაუბრეთ.

GEM FEST-ის მოვლენებმა დისკუსია გამოიწვია იმ მხრივ, რომ ზოგი ითხოვს ამ ნარკოპოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას, ზოგი კი შიშობს, რომ კანონმდებლობის ლიბერალიზაციის პროცესი შეიძლება სრულიად წყალში ჩაყაროს. ეს პროცესები ხელს ხომ არ შეუშლის კანონმდებლობის ლიბერალიზაციას?

რთულია წინასწარ ვისაუბროთ, რამდენად შეუშლის ხელს თუ პირიქით. იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტშიც და საზოგადოებაშიც ორად არის გაყოფილი აზრი ნარკოპოლიტიკასა და მის ლიბერალიზაციაზე, თითოეული ასეთი შემთხვევა ყოველთვის ითარგმნება ხოლმე ორმხრივად – ვინც ლბერალიზაციას ითხოვს, ამ შემთხვევებს თარგმნის, როგორც ლიბერალიზაციის საჭიროების დადასტურებას, და პირიქით, ვინც არ ეთანხმება ამ პოლიტიკას, ამბობს, რომ აი, ხომ ხედავთ, რა ხდება, კიდევ უნდა გამკაცრდეს.

ჩვენ არ ვსაუბრობთ ხოლმე, რისი ბრალია და რამ გამოიწვია შედეგი, რომელიც დადგა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჯერ არავითარი ლიბერალიზება არ მომხდარა კანონის დონეზე, უნდა დავსვათ კითხვა, სწორედ ამ პოლიტიკის მიზეზი ხომ არ არის ის, რაც ხდება ქვეყანაში? და მეორე კითხვა და საპირისპირო არგუმენტზე რომ გავცეთ პასუხი, თუკი კანონმდებლობის კიდევ უფრო გამკაცრებაზე არის საუბარი, მეტი როგორღა უნდა გამკაცრდეს? როგორც კანონის დონეზე, ასევე პრაქტიკაში, ჩვენი ნარკოპოლიტიკა არის სამაგალითოდ მკაცრი. მეტად როგორ უნდა გამკაცრდეს და მეტი საპოლიციო რესურსები როგორ უნდა მიიმართოს როგორც მომხმარებლის დევნაზე, ისე ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაზე? შეუძლებელია, რომ ეს კიდევ უფრო გაძლიერდეს.

ამიტომ, ამ მოცემულობაში როდესაც ვართ, ასეთი მძიმე შედეგები გვაქვს და რეალობაა, რომ ამ პოლიტიკის პირობებში ვერ ხდება სამწუხარო ფაქტების თავიდან აცილება, სწორედ აქედან უნდა დავსვათ კითხვა, ხომ არ არის დრო, ახალი პოლიტიკა დავნერგოთ და ჩვენ იმედი გავქვს, რომ პარლამენტში მაქსიმალურად ბევრი ადამაინი მივა ამ დასკვნამდე.

რა შეიძლება ბადებდეს იმ ოპტიმიზმის საფუძველს, რომ მსგავსი სამწუხარო ფაქტების შემდეგ ის ადამაინები, ვინც ლიბერალიზებას ეწინააღმდეგებოდნენ, პარლამენტში და საზოგადოებაშიც, გაიზიარებენ, რომ პირიქით, ლიბერალიზაცია არის საჭირო?

არ ვართ ოპტიმისტები და დიდი იმედი იმისა, რომ ბევრი ადამაინი შეიცვლის აზრს, რაც მანამდე ჰქონდა, ნაკლებად არის, თუმცა, მგონია, რომ პარლამენტში უკვე საკმარისად არის რაციონალური აზრი. მეორე მთავარი არგუმენტი, რის გამოც ამ ჯერზე მსჯელობის უკეთესი შესაძლებლობაა, არის ის, რომ კანონპროექტი, რომელზეც პლატფორმა მუშაობდა და შემდეგ უკვე პარლამენტშიც მიდიოდა მუშაობა დეპუტატებთან ერთად, დღეს ინიცირებულია არა არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ პარლამენტარების მიერ, შესაბამისად, პარლამენტარების ავტორობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ამ საკითხზე უფრო სერიოზული მსჯელობები გაიმართოს, ვიდრე აქამდე იყოფილა. არგუმენტების მოსმენის პრობლემა აქამდე იყო ხოლმე ყოველთვის და ყოველთვის ზედაპირული მსჯელობების ფონზე მიიღებოდა გადაწყვეტილებები ლიბერალიზაციაზე უარის თქმის შესახებ. მგონია რომ ახლა უფრო მეტი შანსია, რეალური არგუმენტები  გავაჟღეროთ, მოვისმინოთ საწინააღმდეგო აზრი და ისე მივიდეთ რაციონალურ გადაწყვეტილებამდე. ეს ძალიან რთული პროცესი იქნება იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პარლამენტი ძალიან ჭრელია და ბევრი განსხვავებული აზრია, მათ შორის, მმართველ გუნდშიც.

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” განცხადებით, აქვთ ეჭვი, რომ სამართალდამცავების მიერ ხელოვნურად ხდება GEM FEST-ზე პროცესების პროვიცირება. რამდენად ლეგიტიმურია ეს ეჭვი და რა შეიძლება იყოს ასეთი ეჭვის გაჩენის საფუძველი?

თუ გავითვალისწინებთ წარსული წლების გამოცდილებას, ყოველთვის, სამართალდამცავი უწყებები იყვნენ ხოლმე ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ცვლილებებზე მთავარი მოწინააღმდეგეები. 2013 წელიც რომ გავიხსენოთ, როდესაც ფაქტობრივად პოლიტიკურ დონეზე შეთანხმებული იყო ძალიან სერიოზული რეფორმების გატარება, მაშინ მხოლოდ შსს-ს ხისტი პოზიციის გამო მოხდა რეფორმის შეჩერება და დაბლოკვა. ამიტომ, “თეთრი ხმაურის მოძრაობის” განცხადება ამ ნაწილში არ არის საფუძველმოკლებული. თუმცა, ჩვენს ორგანიზაციას, პირადად მე, არ მაქვს მტკიცებულებები და შეუძლებელია, ამ მიმართულებით გქონდეს მტკიცებულებები.

აქ მთავარი პრობლემა არის ის, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არის ძალადობის და საფრთხის მთავარი სათავე. ამ ნარკოპოლიტიკას იყენებს უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრო. ხშირ შემთხვევაში, შსს ამბობს, რომ როგორი კანონმდებლობა და პოლიტიკაც იქნება, იმას აღვასრულებთ, ამიტომ, უფრო სწორი იქნება, თუკი აქცენტები დაისმება პარლამენტზე, რომელიც კანონმდებლობის შემუშავებაზე არის პასუხისმგებელი. საშემოდგომო სესიაზე სწორედ პარლამენტმა უნდა თქვას, რა მდგომარეობაა ქვეყანაში და როგორ ნარკოპოლიტიკას უჭერს მხარს.

და თუ ამ ეჭვებს საფუძველი აქვთ და ეს სისტემა არის მართლაც ისეთი ძლიერი, რომ კონტროლის სადავეები მას აქვს ხელში, მაშინ ნაკლებად შეიძლება იყოს სავარაუდო, რომ პარლამენტზე როგორც მაშინ მოხდა გავლენა, ასევე ახლაც მოხდეს და პოლიტიკა ვერ შეიცვალოს.

გვახსოვს არაერთი შემთვევა, არა მარტო ნარკოპოლიტიკაზე, სხვა თემებზეც, შეგვიძლია გავიხსენოთ მართლმსაჯულებაში მიმდინარე პროცსესები, იგივე სისხლის სამართლის მიმართულებით მოწმის დაკითხვის წესები თუ ფარული მოსმენების საკითხები, როდესაც ძალიან ნათელი იყო სამართალდამცავი უწყებების პირდაპირი ინტერესები და ამ ინტერესებს შეეწირა ძალიან კარგი რეფორმები.

ამ მოცემულობაში, ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ახლაც გვერდზე გადგება სამართალდამცავი სისტემა და არ დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას ღიად ან კულისებს მიღმა. თუმცა, ასეთი ძლიერი მუხტით, როგორიც დღეს არის ცვლილებების მოთხოვნით, ამ დრომდე არ ყოფილა. ამას მოწმობს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის არსებობა, კანონპრპექტიც, რომელიც დიდი ხანია, მუშავდებოდა და არის ნოვაციური, იმიტომ, რომ ლიბერალიზების პარალელურად გულისხმობს ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით ძალიან ბევრ რეფორმას, რამაც უნდა დააზღვიოს ნარკოსისტემის გაუარესება ქვეყანაში. მექანიზმები არის, რის გამოც, ჩვენ პარლამენტში პირველ რიგში, კვალიფიციურ მსჯელობას ვითხოვთ და შემდეგ – სწორ და სისტემურ ცვლილებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი