უკრაინაში “კასრების საქმის” ფიგურანტი კოხტა კოდუა დააკავეს – პროკურატურა

უკრაინაში ყოფილი პოლიციელი კოხტა კოდუა დააკავეს, რომელიც საქართველოში დამნაშავედაა ცნობილი ე.წ. კასრების საქმეზე.

“საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 2017 წლის 4 აგვისტოს, საქართველოში ექსტრადიციის მიზნით, უკრაინის ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, 1980 წლის 28 იანვარს დაბადებული კ.კ. უკრაინის კომპეტენტური სასამართლოს 2017 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ძებნილი პირის მიმართ  აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული იქნა საექსტრადიციო პატიმრობა 40 დღის ვადით. კ.კ. საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრისა და 18 მარტის განაჩენთა აღსრულების მიზნით.

2014 წლის 27 იანვრის განაჩენით იგი დამნაშავედ  იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის გამო. მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. 2014 წლის 18 მარტის განაჩენით, კ.კ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და 1441 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის გამო. ამავე განაჩენით, კ.კ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. ამჟამად მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები”, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამალავში ნაპოვნ წამების კადრების საქმეზე პროკურტაურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი თერთმეტი პირი, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ზ“და „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე  ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კონტაქტის ძალადობით დამყარებას, წამებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას – ოთხ პირს  სასჯელის ზომად  განესაზღვრა 9  წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კონტაქტის ძალადობით დამყარებას, ერთ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7  წლითა და 6  თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, სამ პირს განესაზღვრა 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით, რაც გულისხმობს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობას, ერთ პირს განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

“ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, ორ პირთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, ვინაიდან მათ აღიარეს ჩადენილი დანაშაული და არსებითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან, ასევე საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას გათვალისწინებული იყო ის გარემოება, რომ მათ შემხებლობა არ ჰქონიათ დაზარალებულების წამებასა და ძალადობრივ სქესობრივ დანაშაულთან. ამ ორ პირს სასჯელის ზომად 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com