ახალი ამბები

თამარ ქალდანის ანგარიში ფარული მოსმენების პრაქტიკის შესახებ

13 მარტი, 2014 • • 1273
თამარ ქალდანის ანგარიში ფარული მოსმენების პრაქტიკის შესახებ

პერსონალური მონაცემების დაცვის ინპექტორი სხვა საკითხებთან ერთად ფარული მიყურადებისა და მოსმენების კუთხით არსებული გამოწვევების შესახებაც საუბრობს:

 

“ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის თვალსაზრისით განსაკუთრებით აქტუალურია სამართალდამცავი ორგანოების მიერ სატელეკომუნიკაციო კომპანიების მონაცემთა ბაზებში არსებულ (მათ შორის სატელეფონო კომუნიკაციისა და პირის ადგილმდებარეობის შესახებ) ინფორმაციასთან პირდაპირი წვდომა, ფარული მიყურადებისა და თვალთვალის განხორციელება, რაც განპირობებულია მათი უფლებამოსილებით, დანაშაულის გამოძიების მიზნებისთვის აწარმოონ ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერა, ფოტოგადაღება, სატელეფონო საუბრის მოსმენა და სხვა. ფარული მიყურადებისა და თვალთვალის საკითხი განსაკუთრებული სიმწვავით წარმოჩნდა 2013 წლის გაზაფხულზე, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია 2005-2012 წლებში შექმნილი ათასობით ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერის შესახებ, რომელთა საერთო მოცულობა 260 678 მეგაბაიტი იყო, ხოლო ჩანაწერების ხანგრძლივობა 1760 საათს აჭარბებდა”, – ნათქვამია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ ამ საკითხზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (კომისიის თავმჯდომარე), საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საქართველოს მთავარი პროკურორი, საქართველოს სახალხო დამცველი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი, საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი.

 

“აღმოჩენილი მასალა მოიცავდა პოლიტიკოსების, ბიზნესის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, აუდიოჩანაწერებსა და ფოტოებს. რამდენიმე ჩანაწერზე ასახული იყო პატიმართა წამების ფაქტები. კომისიამ მუშაობის პროცესში ვერ მოიძია პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და აუდიომასალის კანონიერად მოპოვების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის რეკომენდაციით, კომისიამ შეიმუშავა ინტიმური ცხოვრების ამსახველი მასალის აღრიცხვის, უსაფრთხოებისა და განადგურების მეთოდოლოგია, რის შედეგადაც განადგურდა ინფორმაციის 112 ელექტრონული მატარებელი, ხოლო ძირითადი მასალა (633 ელექტრონული მატარებელი) გამოძიების მიზნით გადაეცა მთავარ პროკურატურას”.

 

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ რამდენადაც სისხლის სამართლის მოქმედი კანონმდებლობა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებების დაცვას და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ადეკვატური პასუხისმგებლობის დაკისრებას, კომისიამ შეიმუშავა და საქართველოს პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 157-159-ე მუხლებით განსაზღვრული სანქციების გამკაცრებას, ასევე, დანაშაულის შემადგენლობის გადასინჯვასა და პერსონალურ მონაცემთა უკანანოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების კრიმინალიზაციას.

 

“2013 წლის მეორე ნახევარში გაუმჯობესდა სასამართლოს კონტროლი სატელეფონო საუბრების ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე, ტექნიკური საშუალებებით თვალყურის დევნებაზე. უზენაესი სასამართლოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2012 წელს სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა განხილული შუამდგომლობების მხოლოდ 0.25%, ხოლო 2013 წელს – 7.56%.  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაიხვეწა და გამკაცრდა შიდა მონიტორინგი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების პროცესზე. კონტროლის გამკაცრებისა და ინფორმაციის არამართლზომიერი მოპოვების შესაძლებლობების აღმოფხვრის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განახორციელა მთელი რიგი ორგანიზაციული ღონისძიებები, კერძოდ:

 

გაუქმდა სხვადასხვა სამინისტროებში, დეცენტრალიზებული სახით არსებული ფარული მიყურადების სისტემები და ამჟამად აღნიშნული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ხორციელდება ცენტრალიზებული სახით ერთი კონკრეტული უწყების მიერ, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს არამართლზომიერი მიყურადების განხორციელების შესაძლებლობას და იმავდროულად ამარტივებს კონტროლის მექანიზმების გამოყენებას; ფარული მიყურადება ხორციელდება სპეციალურ, დაცულ, შეზღუდული დაშვების მქონე ზონებში, სადაც დაიშვებიან მხოლოდ სათანადო უფლებამოსილების მქონე პირები. კონტროლის მიზნებისათვის გამოიყენება სამზღუდიანი, მათ შორის ბიომეტრიული კონტროლის სისტემა. შეზღუდული დაშვების მქონე ზონებში გაუმჯობესდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, რომელთა მიზანია გამოვლენილ და აღკვეთილ იქნეს ინფორმაციის გაჟონვისა და მოპოვებული მასალის არამართლზომიერი დუბლირების მცდელობათა ფაქტები. ინფორმაციის გაჟონვის თავიდან არიდების მიზნით ზემოაღნიშნულ არეალებში გამკაცრდა ფოტო და ვიდეოტექნიკის, მობილური ტელეფონების და ინფორმაციის ჩაწერისა და შენახვისთვის განკუთვნილი სხვა საშუალებების შეტანა. გამკაცრდა უფლებამოსილი პირების სისტემაზე წვდომის ლოგირების ელექტრონული აღრიცხვა”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

 

ინსპექტორის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის გამოძიების მიზნებისათვის სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული თვალთვალი, მიყურადება და სატელეკომუნიკაციო კომპანიების მონაცემებზე წვდომა განხორციელდეს ადამიანის უფლებთა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის მოთხოვნების და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანახმად, ეროვნული კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს ჯეროვან გარანტიებს ხელისუფლების ორგანოების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად ან თვითნებურად გამოყენების წინააღმდეგ. ამ სტანდარტთან შესაბამისობის მიზნით მიზანშეწონილია კანონმდებლობის დახვეწა, დამოუკიდებელი და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე კონტროლის მექანიზმის შექმნა, რაც უზრუნველყოფს ბალანსის დაცვას ადამიანის ღირსების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების, დანაშაულის გამოძიებისა და პრევენციის ლეგიტიმურ საჯარო ინტერესს შორის.

 

“აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს რამდენიმე მოქალაქემ მიმართა, რომელთა ინტერესის ძირითად საგანს წარმოადგენდა მათ მიმართ ფარული თვალთვალის განხორციელების შედეგად სამართალდამცავ ორგანოებში არსებული ინფორმაციის გაცნობის უფლება. ვინაიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება საზოგადოებრივი და სახელმწიფო უსაფრთხოების, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და დანაშაულის გამოძიების მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავებაზე, მოქალაქეებს ეზღუდებათ ამ კანონით გარანტირებული უფლებები და ინსპექტორი ვერ ახდენს რეაგირებას ასეთი სახის განცხადებებზე.

 

ევროპული სტანდარტის თანახმად, პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს ინფორმაცია მის მიმართ განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შესახებ იმ მომენტიდან, როდესაც მისთვის ინფორმაციის მიწოდება ობიექტურად ზიანს ვეღარ მიაყენებს გამოძიების ინეტერესს. ამ სტანდარტის საქართველოში დანერგვა ხელს შეუწყობს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სათანადო გარანტიების შექმნას და იმ პირებს, ვის მიმართაც განხორციელდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, გარკვეულ ეტაპზე ექნებათ შესაძლებლობა, გაასაჩივრონ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა, თუკი მათ მიმართ ასეთი ღონისძიებები უკანონოდ განხორციელდა”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი