ახალი ამბები

კუბლაშვილი იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას სასამართლოზე ზეწოლად აფასებს

13 მარტი, 2014 • • 1071
კუბლაშვილი იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას სასამართლოზე ზეწოლად აფასებს

როგორც კუბლაშვილმა განაცხადა, სამინისტრომ უზენაეს სასამართლოსთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე გააჟღერა სამი ინიციატივა, მათ შორის საკასაციო საქმეების დასაშვებობასთან, მოსამართლეთა ფიქსირებულ რაოდენობასთან და საქმეების განხილვის ვადის 6–დან 4 თვემდე შემცირებასთან დაკავშირებით.

 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ინიციატივები საქმეში სრულიად ჩაუხედავი ადამიანების მიერაა მომზადებული:

 

“ეს პროექტები მომზადებულია მათ მიერ, ვინც, როგორც ჩანს, არ იცის რას ნიშნავს უზენაესი სასამართლო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას პლენუმი განსაზღვრავს, რათა დაცული იყოს სასამართლო სხვა ხელისუფლების ჩარევისგან. თუ ეს ფუნქცია გადავა საკანონმდებლო ხელისუფლების ხელში, შეიქმნება საფრთხე, მათ შეეძლებათ ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე შეამციროს მოსამართლეთა რაოდენობა. მე ვფიქრობ, თუ ვინმეს შეიძლება გადაეცეს ეს საკითხი, არის კონსტიტუცია, მხოლოდ კონსტიტუციაში შეიძლება ჩაიწეროს რაოდენობა”, – აცხადებს კუბლაშვილი.

 

რაც შეეხება საქმეთა დასაშვებობას, კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში შესაძლებელია გამონაკლისების დაშვება, მაგრამ მთლიანად სისტემის მოშლა ქვეყანას საბჭოთა კავშირში დააბრუნებს:

 

“თანამედროვე მსოფლიო სტანდარტი საქმეთა დასაშვებობის ასეთ პრინციპს იცნობს. საქმეები, რომლებიც პრაქტიკის შესაბამისად გადაწყვიტა წინა ორმა ინსტანციამ, აღარ უნდა იყოს დასაშვები უზენაეს სასამართლოში, მხოლოდ სადაც პრაქტიკა არ არის დამკვიდრებული, იმაზე უნდა იმსჯელოს. სამინისტროს ინიციატივა კი, რომელიც ამის მოშლას ითვალისწინებს, არის ნაბიჯი უკან საბჭოთა კავშირში. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ გამონაკლისზე, თუ საქმე ეხება წამებას, დისკრიმინაციას, მაგრამ ეს უნდა იყოს გამონაკლისი და მთელი სისტემა არ უნდა მოიშალოს”, – ამბობს კუბლაშვილი.

 

მისივე თქმით, ის არ ეთანხმება არც მესამე ინიციატივას, რაც საქმეების განხილვის ვადის 6–დან 4 თვემდე შემცირებას ითვალისწინებს:

 

“ასეთი ვადების შემოღება მართლაც საქმეების კონვეიერის სისტემით განხილვას ნიშნავს”, – აღნიშნა კუბლაშვილმა.

 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აქვე გამოეხმაურა პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ სასამართლო დღეს დამოუკიდებელია და განაცხადა, რომ სამინისტროს მხრიდან ამ საკითხების გაჟღერება სწორედ სასამართლოზე ზეწოლას მიანიშნებს

 

“თუკი ხელისუფლება აღარ ჩაერევა სასამართლოს საქმიანობაში, ამას მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ ჩარევის ერთ–ერთი ფორმა არის ის, რაც გუშინ მოხდა, როდესაც ჩვენთან კონსულტაციების გარეშე სამინისტრო ამზადებს ცვლილებებს. მე პირადად ბატონ ღარიბაშვილს მინდა მივმართო, რომ ასეთი ინიციატივები ხელს უშლის სასამართლოს დამოუკიდებლობას”, – განაცხადა კუბლაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი