ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ნადარაია: ბინადრობის მოწმობები გალელებისთვის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას ზღუდავს

7 აგვისტო, 2017 • 3749
ნადარაია: ბინადრობის მოწმობები გალელებისთვის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას ზღუდავს

გალის რაიონის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ახალი რეგულაციების შესახებ აფხაზურ მედიასთან ისაუბრა.

“ისინი ერთდროულად აფხაზეთის და საქართველოს მოქალაქეები ვერ იქნებიან. ჩვენს მოქალაქეებს, აფხაზეთის მოქალაქეობის პარალელურად მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის აღება შეუძლიათ”.

აქვე, ნადარაია ამბობს, რომ გალიდან ქართველების გაყრას ან მათი უფლებების შელახვას არავინ გეგმავს.

“არავინ არავის გაყრას არ აპირებს, ჩვენ ვცხოვრობთ ერთ ქვეყანაში სხვადასხვა პოლიტიკური უფლებით. იცით, რომ ბინადრობის მოწმობის გაცემა დაიწყო. ის, რომ ამ დოკუმენტით საქართველოში შესვლა შეუძლებელია, სიმართლე არ არის. უკვე რამდენიმე გადავიდა ამ დოკუმენტით. აღნიშნული დოკუმენტი არ იძლევა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის საშუალებას, პარლამენტში არჩევას, უძრავი ქონების შეძენას. დანარჩენი ყველა უფლება რჩება. იქნება ეს საწარმოს გახსნა, ბინზესი, სწავლა, კრედიტის მიღება და ა.შ.”

რაც შეეხება გალელებისთვის აფხაზეთის მოქალაქის პასპორტის გაცემას, თემურ ნადარაია ამბობს, რომ ასეთი შანსი აქვთ გალელებს იმ შემთხვევაში, თუ უარს იტყვიან საქართველოს მოქალაქეობაზე. გარდა ამისა, პირმა, რომელსაც აფხაზეთის მოქალაქის პასპორტის მიღება სურს, როგორც ნადარაია აცხადებს, უნდა დაადასტუროს, რომ და 1994-1999 წლებში აფხაზეთის ტერიტორიიდან გაუსვლელად ცხოვრობდა, და ასევე, აფხაზური ენის გამოცდა უნდა ჩააბაროს”.

გალის რაიონის ადმინისტრაციის ცნობითვე, რაიონის 17 800 მცხოვრებიდან 340 აფხაზეთის მოქალაქეა, დანარჩენი – საქართველოს მოქალაქე.

 

ამავე თემაზე: გალი, როგორც ჩიხი [ფოტო]

მასალების გადაბეჭდვის წესი