პროერქტი "პანდა"

“პანდას” მისია – ინტერვიუ პროექტის ავტორებთან

თვენახევრის განმავლობაში იუთუბში “პანდას” სახელით გამოქვეყნებულმა მუსიკალურმა ვიდეომ “ჩამოვკრავდი, მაგრამ ნათლისღებაა” 1 077 000 ნახვაზე მეტი დააგროვა. ავტორების თქმით, სიმღერა იმ ცნობილი ფრაზების ერთობლიობაა, რომლებიც საქართველოში, სხვადასხვა სიტუაციაში ხშირად ესმით. ამბობენ, რომ მათი მთავარი მიზანი მსმენელის დაფიქრება და თითოეული ფრაზის მიმართ არსებული პრობლემის შემჩნება იყო. ნეტგაზეთი სამი “პანდადან” ორს პროექტის შესახებ ესაუბრა. მათ ანონიმურად დარჩენა ისურვეს.

“პანდა” არ არის მხოლოდ ერთი ადამიანი და იუთუბზე განთავსებული ვიდეოებით თუ ვიმსჯელებთ, მხოლოდ მუსიკალური კონტენტსაც არ ქმნით. როდის და როგორ შეიქმნა პროექტი?

პანდა 1: პროექტის შექმნა დაახლოებით 3 თვის წინ გადავწყვიტეთ. სამი ბავშვობის მეგობარი შევიკრიბეთ, ვისაუბრეთ და მივხვდით, რომ რაღაც გვაწუხებდა. გვინდოდა ჩვენი ემოციები, ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილება მარტივად გაგვეხადა ხელმისაწვდომი სხვებისათვის. ვიფიქრეთ, როგორი გზა ან ფორმა იქნებოდა უმჯობესი და ბოლოს მივედით იმ მასალამდე, რაც იუთუბში გამოქვეყნდა. ეს იყო პირველი მარტივი მცდელობა.

პანდა 2: ვთვლიდით, რომ იდეები, რომლებიც გვაწუხებდა ღირდა მოსასმენად და გასაზიარებლად. თავიდან რა თქმა უნდა, გვინდოდა ხალხის განწყობებზე დაკვირვებაც – როგორ მიიღებდნენ, საბოლოო ჯამში, ხომ მათთვის ვქმნით იმას, რასაც ვაკეთებთ. აღმოჩნდა, რომ ჩვენმა აუდიტორიამაც მიიღო და გაიგო სათქმელი, რაც ძალიან სასიამოვნო იყო.

რატომ გადაწყვიტეთ, რომ ყოფილიყავით ანონიმური?

პანდა 1: ჩვენ ჩვენი თავისთვის გვინდოდა დაგვემტკიცებინა, რომ არ ვყიდით საკუთარ იმიჯს, არამედ ვყიდით პროდუქტს. რა თქმა უნდა, ანონიმურობის კომპონენტიც მოქმედებს აუდიტორიაზე. გავაკეთეთ არჩევანი: “გაფეისებას” გვერჩია პროდუქტი გაგვეყიდა, რადგან ხშირ შემთხვევაში პირიქით ხდება ხოლმე. ასევე უნდა დავრწმუნებულიყავით ჩვენს შესაძლებლობებში – რამდენად იმუშავებდა მხოლოდ ემოციები. ჩვენი ვიდეოები ასახავენ ჩვენს ემოციურ დამოკიდებულებას ყოველდღიურობასთან. სწორედ ეს ნეგატიური ან პოზიტიური დამოკიდებებულებები უნდა გაგვეცნო დანარჩენებისათვის და არა ჩემი, ან მისი სახელები.

და როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს შეძლებთ, რომ შეინარჩუნოთ ანონიმურობა? არის ეს თავდაცვის საშუალებაც?

პანდა 1: მგონი მოვახერხებთ, რომ ვიდრე საჭირო იქნება შევინარჩუნოთ ანონიმურობა. ვიღაცებს გონიათ, რომ იმიტომ გვინდა ანონიმურობა, რომ რაღაცის გვეშინია. რაც არასერიოზულია. თუ ვინმეს ძალიან მოუნდება, მარტივად გაიგებს ვინ ვართ. ჩვენ ვიცით, რომ რასაც ვაკეთებთ ის ღირებულია და მივყვებით პროცესს. როგორც იქნება საჭირო ისე ვიმოქმედებთ.

პანდა 2: თუ ვინმეს შეაწუხებს ჩვენი საქმიანობა, მოგვაგნებს.

რატომ შეარჩიეთ პროექტისათვის სახელი “პანდა”?

პანდა 1: პანდა არის ცხოველი, რომელიც ყურების დროს ადამიანში იწვევს, როგორც პოზიტივს, ასევე რაღაც დონეზე შიშსაც. ორი ძირითადი ემოცია გამომდინარეობს მისგან, რაც იშვითად ახლავს სხვა რომელიმე არსებას.

პანდა 2: მისი ნიღაბიც კი ასეთია. ქუჩაში ვიდეოზე როდესაც ვმუშაობდით, შეგვხვდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ნიღაბი საყვარელია, ზოგს კი პირიქით, არასასიამოვნო შეგრძნებას და შიშის გრძნობასაც უტოვებდა.

ამ ეტაპზე თქვენს იუთუბ არხზე აღარ არის ხელმსაწვდომი ძველი ვიდეობი, ისინი, რომლებიც ბოლო სიმღერამდე აიტვირთა. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

პანდა 1: მათ თავიანთი “მისია” უკვე შეასრულეს. ამოწურეს ჩვენი მხრიდან სათქმელი და აღარ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ საჯარო ყოფილიყო.

პანდა 2: შეიძლება ითქვას, რომ ამ პატარ-პატარა ვიდეოებით გავიგეთ აუდიტორიის მიმღებლობა როგორი იყო. ვცადეთ, რომ გვცოდნოდა მომავალში როგორი რეაქციები შეიძლებოდა მიგვეღო. ჩვეულებრივი ექსპერიმენტი იყო.

პროექტს "პანდას" წევრები ბარში "კაქტუსი" 07.07.17

პროექტს “პანდას” წევრები ბარში “კაქტუსი” 07.07.17

სიმღერამ “ჩამოვკრავდი, მაგრამ ნათლისღებაა” უკვე დააგროვა 1 მლნ.-ზე მეტი ნახვა იუთუბში. როგორ შეიქმნა კონკრეტულად ეს სიმღერა და ვიდეო? საიდან მოდის ეს ფრაზები და თქვენი აზრით, რატომ აღმოჩნდა ისინი ასეთი ნაცნობი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მას მოუსმინა?

პანდა 1: გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ვიდეო რამდენი ნახვის მოგროვებას შეძლებდა. 100 000 ნახვაც რომ ყოლიფიყო, ჩვენ ჩავთვლიდით, რომ ვიდეომ თავისი გასაკეთებელი გააკეთა. ალბათ, ასეთ გამოხმაურებასაც არ ველოდით, მაგრამ თუ საქმის კეთების დროს, იმაშიც არ ხარ დარწმუნებული, რომ მას შესაბამისი ღირებულება გააჩნია, აზრიც არ აქვს.

სხვა პროექტებზეც გვიმუშავია აქამდეც და ყოველთვის ვცდილობდით, რომ მათაც ჰქონოდათ სოციალური ასპექტი. ყოველდღიურობაში დანახული, მოსმენილი, ჩვეულებრივი მოქალაქეების გულიდან წამოსული პრობლემები… ის რაც მოგვწონს, ან არ მოგვწონს.

პანდა 2: ეს ფრაზებიც იყო ჩვენს გონებაში დალექილი, ყოველ დღე ქალაქის ქუჩებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ისეთ ადგილებში მოსმენილი, სადაც ჩვეულებრივი ყოფა ყველაზე კარგად იკვეთება. რაც გვაერთიანებს არის დაკვირვების უნარი – როდესაც რაღაცას ვამჩნევთ, ვიმახსოვრებთ. ყველა ეს ფრაზა არის ასე შეგროვებული.

პანდა 1: ვისაც ჩვენს მსგავსად გართობის სფეროში უწევთ მუშაობა, ხშირად ემართებათ ხოლმე, რომ ხალხს კარგავენ. საკუთარი აუდიტორიის სათქმელი აღარ აქვთ ხოლმე შემოქმედებაში. ჩვენ გვინდოდა ეს პირიქით ყოფილიყო. გვინდოდა გვეჩვენებინა რა ხდება მეტროში, ტაქსიში, რას განიხილავენ ასეთ სივრცეებში. ინტერნეტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თამამად, საზღვრების გარეშე აკეთო ასეთი საქმე.

იყო ფრაზა რომელიც გინდოდათ, რომ ყოფილიყო, მაგრამ ვერ მოხვდა სიმღერაში?

პანდა 1: დაახლოებით ათი ფრაზა დაგვრჩა, იმ სიიდან, რომელიც თავიდან გავაკეთეთ. უბრალოდ, ჩავთვალე, რომ ის ფრაზები ისეთი მასობრივი არ იყო, ისეთ პრობლემას ან სათქმელს არ იტევდა, რომ მათი სიმღერაში ყოფნა აუცილებელი ყოფილიყო. იყო მაგალითად, ფრაზა: “მოდი სისხლის საერთო მაინც გავაკეთოთ”, მაგრამ ამ ფრაზას არ გააჩნდა არანაირი შინაარსობრივი დატვირთვა, არ გასწავლის არაფერს. ჩვენი მიზანი იყო, რომ ყველა ვინც, მოუსმენს შეიძლება განსაკუთრებული ახალი არაფერი ისწავლოს, მაგრამ დაფიქრდეს მაინც რატომ არის ეს ფრაზები ასეთი რეალური, რატომ ეცნობა.

სოციალურ ქსელებში ვიდეოს გამოქვეყნების დღიდან აქტიურად აზიარებნენ მომხმარებლები – ზოგი პოზიტური შეფასებით, ზოგიც პირიქით. იუთუბის კომენტარების ველშიც არიან ისეთები, ვინც თქვენს პოზიციებს არ ეთანხმებიან. თქვენი დაკვირვებით, ვინ ვერ მიიღო “პანდას” იუმორი ამ ფორმით?

პანდა 1: რა თქმა უნდა, მალევე გამოჩდნენ ადამიანები, ვისაც შეიძლება რაღაცებზე გაეცინა, მაგრამ მაინც გვეუბნებოდნენ, რომ მისამღერი მეტისმეტია, რადგან რელიგიის თემას ეხება. ზოგმა ჩათვალა, რომ საერთოდაც ათეისტები ვართ. გაჩნდა მწვავე და აგრესიული კომენტარები, მაგრამ სწორედაც, რომ ვისზეც და რა სიტუაციაზეც იყო სიმღერა, იმათ წარმოაჩინეს თავიანთი თავი. მსგავსმა კომენტარებმა დაგვანახა, რომ მართლები ვყოფილვართ.

პანდა 2: სიმღერაში ტექსტი რამდენიმე სეგმენტზეა. მაგალითად სექსის თემაზე არის ფრაზები, რომლებიც ორივეს ძალიან ხშირად მოგვისმენია და ეს ფრაზები აღწერენ თანამედროვე ქართველი ახალგაზრდების დამოკიდებულებას სექსთან. არის ფრაზები, რომლებიც ბაბულიკების, მოძვლებიჭო ტიპების ცხოვრებას აღწერს. მოკლედ, გვინდოდა თითო ფრაზა თითო სეგმენტს შეხმიანებოდა. მთლიანად ქვეეყანას რომ აღწერდეს, ეგეთი ფრაზა არ გვაქვს.

პანდა 1: მთელი სიმღერის მოტივი მაინც იყო კონკრეტული რაღაცების მიმართ ფანატიზმი. როდესაც გაქვს რაღაცაზე რადიკალური დამოკიდებულება და განსხვავებული მოსაზრების სრული მიუღებლობა. ბევრი რამ შეიცვალა – გაცილებით ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია, მაგრამ მაინც ასებობენ ადამიანები, ვისაც აქვთ აკვიატებული აზრები და რაღაც საკითხების მიმართ ფანატიზმში გადაზრდილი დამოკიდებულება.

პანდა 2: გვეგონა, რომ უფრო მეტი გამოჩნდებოდა, ვინც ვერ გაიგებდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მოსაზრების ასეთი, არააგრესიული ფორმით მიწოდების გზამ, უფრო მეტი მხარდამჭერი შეგვძინა. ჩვენი მიზანი არ ყოფილა ვინმეს გაღიზიანება.

არის თუ არა “პანდა” თქვენთვის დროებითი გართობა და ყურადღების მიქცევის მცდელობა?

პანდა 1: მთელი პროექტი ჩვენთვის არის, სოცილური აქტივიზმის მცდელობაც რაღაც დოზით, რადგან თუ მოვახერხებთ, რომ ვინმე დავაფიქროთ, ეს მხოლოდ სასიამოვნო იქნება. ასევე საქმისაგან კმაყოფილების მიღებაც აუცილებელია და ორივე ერთად რომ გამოგვივიდეს, ამას ვცდილობთ. ვაგრძელებთ აქტიურად მუშაობას.

როგორი იქნება “პანდას” შემდეგი ნამუშევარი?

პანდა 1: 10 ოქტომბერს ვგეგმავთ, რომ გამოვაქვეყნოთ “ერთი რამ”, რომელსაც არ დავაკონკრეტებთ რა იქნება, როგორი ფორმით. რატომაც ვაკეთებთ ამ საქმეს არის ერთ-ერთი ის, რომ ძალიან მცირე ფინანსური დანახარჯებითაც, შესაძლებელია შექმნა სრულყოფილი მასალა. “პანდამ” გადაწყვიტა, რომ ყველას დაუმტკიცოს, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია.

რას გვირჩევთ, ტრაილერი ვიყიდოთ თუ საშაურმე გავხსნათ?

პანდა 2: არცერთი. აი, ამითაც სწორედ იმის თქმა გვინდოდა, რომ გათელილ გზაზე არ უნდა ვიაროთ. ბიზნესშიც საჭიროა ექსპერიმენტები. არსებობს, მოსაზრება, რომ საშაურმე კარგად მუშაობს ან ტრაილერს იყიდი და ფეხს ფეხზე გადაიდებ. შემოქმედებითობა უნდა შევმატოთ ყველაფერს. ყველა სფეროში ერთი და იგივე ჩარჩოებს მივყვებით, რაც არანაირ სარგებელს არ მოგვიტანს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი