ახალი ამბები

“ოცნებაში ჩახოცილი 15 მეანაბრე” – დაზარალებულთა ნაწილი აშშ-ს თავშესაფარს სთხოვს

7 აგვისტო, 2017 • 2926
“ოცნებაში ჩახოცილი 15 მეანაბრე” – დაზარალებულთა ნაწილი აშშ-ს თავშესაფარს სთხოვს

დღეს, 7 აგვისტოს, საფინანსო კომპანია “საქართველოსგან” დაზარალებულებმა თბილისშო პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათი ნაწილი აცხადებს, რომ საკუთარ ქვეყანაში წლებია სამართალს ვერ პოულობს, რის გამოც საქართველოში ამერიკის ელჩს ამერიკაში თავშესაფარს სთხოვს.

დაზარალებული მეანაბრეები დღეს პარლამენტში შექმნილ ოთხკაციანი ჯგუფის მიერ 2 აგვისტოს მიღებულ დასკვნას აპროტესტებენ. მათი თქმით, ამ დასკვნით მათი ზარალი ვერ დკმაყოფილდება. როგორც მეანაბრეები ამბობენ, დასკვნაში ასევე არ არის ეროვნული ბანკის და საქმეში ჩართული ყველა სხვა ორგანოს პასუხისმგებლობის საკითხი.

“ძლივს შეიქმნა საპარალამენტო ჯგუფი (და არა საგამოძიებო), მაგრამ მათ მიიღეს ჩვენთვის ყველანაირად მუღებელი დასკვნა. დარღვეულია ჩვენი კონსტიტუციური უფლებები. ეს ყველაფერი გვიჯდება ჯანმრთელობის ფასად; ხალხი თავს იკლავს… ვიხოცებით, აღარ შეგვრჩა ნერვები, მაგრამ სამართალს ვერ ვპოულობთ საკუთარ ქვეყანაში. დაგვიბრუნდეს ჩვენი ქონება!,” – ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული, ლალი თეთრუაშვილი.

2016 წლის ოქტომბრიდან დღემდე შპს „საფინანსო კომპანია საქართველოს“ მხრიდან 2346 მეანაბრე ჯამში 72 მილიონი ლარით დაზარალდა. როგორც დაზარალებული მეანაბრეები აცხადებენ, ისინი გააგრძელებენ საპრტესტო აქციებს, ხოლო მათი პროტესტი რადიკლურ ფორმებს მიიღებს.

მეანაბრეების აქცია პარლამენტთან ფოტო: ნეტგაზეთი

მეანაბრეების აქცია პარლამენტთან ფოტო: ნეტგაზეთი

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 31 ივლისს საფინანსო კომპანია “საქართველოს” ხელმძღვანელებს პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ მ.ფ-ს განუსაზღვრა 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, თ.ლ-ს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, ხოლო თ.მ-ს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. დამატებითი სასჯელის სახედ სამივე მსჯავრდებულს განესაზღვრათ თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, აცხადებს პროკურატურა.

ბრალდებულებს, მერაბ ფ-სა და თამარ მ-ს ბრალად ედებოდათ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის წაქეზება, ხოლო თამაზ ლ-ს გაფლანგვა, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში. სასამართლოს ცნობით, ღია სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულები არ აღიარებდნენ ბრალად შერაცხულ ქმედებას.

პროკურატურა აცხადებს, რომ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2013-2016 წლებში შპს “საფინანსო კომპანია საქართველოს” დირექტორმა თ.ლ-მ, საზოგადოების დამფუძნებლის – თ.მ-სა და კომპანიის ფაქტობრივი მმართველის – მ.ფ-ს წაქეზებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გაფლანგა 2343 მოქალაქისგან სესხის სახით აღებული ათეულობით მილიონი ლარი.

მეანაბრეების აქცია პარლამენტთან ფოტო: ნეტგაზეთი

მეანაბრეების აქცია პარლამენტთან ფოტო: ნეტგაზეთი

“საფინანსო კომპანია საქართველოს” დირექტორი თამაზ ლობჟანიძე და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მმართველი, მერაბ ფერაძე 2016 წლის 16 სექტემბერს დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სესხის სახით მერაბ ფერაძეზე გასცეს მეანაბრეთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 292 949 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს “განთიადზე” – 382 324 ლარი და 108 300 აშშ დოლარი.

მეანაბრეების აქცია პარლამენტთან ფოტო: ნეტგაზეთი

მეანაბრეების აქცია პარლამენტთან ფოტო: ნეტგაზეთი

“საფინანსო კომპანია საქართველოსგან” მიღებული თანხა მერაბ ფერაძემ არ დააბრუნა და გამოიყენა პირადი მიზნებისთვის, რის გამოც მშნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა კომპანიის 2 648 მეანაბრეს და მათ მიერ კომპანიაში ანაბრის სახით შეტანილი თანხა ამ დრომდე დაუბრუნებია. ამჟამად საფინანსო კომპანიის დავალიანება მეანაბრეთა მიმართ შეადგენს 76 000 000 ლარს, აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

18 დეკემბერს გამართულ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მერაბ ფერაძესა და თამაზ ლობჟანიძეს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი