ახალი ამბები

როგორ უნდა დაეხმაროთ ადამიანს GHB-ით ზედოზირების დროს – თხმ-ის რეკომენდაციები

6 აგვისტო, 2017 • 3951
როგორ უნდა დაეხმაროთ ადამიანს GHB-ით ზედოზირების დროს – თხმ-ის რეკომენდაციები

თეთრი ხმაურის მოძრაობა აქვეყნებს რჩევებს, თუ როგორ უნდა დაეხმაროთ ადამაინებს ნარკოტიული ნივთიერება GHB-ით ზედოზირების დროს.

ნეტგაზეთს სასწრაფოში განუცხადეს, რომ 3-6 აგვისტოს, ანაკლიაში მიმდინარე მუსიკალური ფესტივალ Gem Fest-იდან ძილიანობის, ან უგონო მდგომარეობაში მყოფი 11 ადამიანი გადაიყვანეს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში. აქედან, ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა. ნეტგაზეთს დღეს, 6 აგვისტოს, შსს-ში განუცხადეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება და დანიშნულია ექსპერტიზები, რომლითაც დადგინდება, რა ნივთიერებამ გამოიწვია ინტოქსიკაცია.

“თეთრი ხმაურის მოძრაობა” აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მძიმე ინტოქსიკაცია შესაძლოა გამოწვეული იყოს ნივთიერება GHB-ით.

მათივე ცნობით GHB, იგივე – გამა ჰიდროქსიბუტირატი , რომელსაც იცნობენ არაოფიციალური სახელებითაც: თხევადი ექსტაზი, G, Georgia Home Boy, Juice, ფსიქოაქტიური პრეპარატია ზედოზირების და ინტოქსიკაციის მაღალი რისკებით, ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი მოქმედებით გამოირჩევა და დოზის მცირე ცვლილებაც კი მძიმე ზედოზირების რისკს ქმნის, რის დროსაც ითრგუნება სასუნთქი სისტემა, შესაძლოა ადამიანი ჩავარდეს კომაში და/ან გარდაიცვალოს.

ზედოზირების ნიშნებია: გულყრა, კოორდინაციის დაკარგვა, კრუნჩხვები, სხეულის ტემპერატურის დაცემა, შენელებული სუნთქვა და გულის ცემა, ცნობიერების დაკარგვა, კომა.

თხმ-ს რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა დაეხმაროთ ადამიანს GHB-ით ინტოქსიკაციისას:

◣არ მისცეთ GHB მიღებულ ადამიანს ჩაძინების შესაძლებლობა (რომც მოგეჩვენოთ რომ ის ცუდად არ არის);

◣თუ ადამიანს დაეწყო პირღებინება და ამავდროულად ის უგონოდ არის ან ვერ მართავს საკუთარ სხეულს, გადააბრუნეთ ის გვერდულ პოზიციაში, ისე რომ პირი ჰქონდეს ქვემოთ და ღებინებამ არ გამოიწვიოს ადამიანის დახრჩობა;

◣ არ მიიღოთ ალკოჰოლთან ერთად, ვინაიდან ორმაგდება ინტოქსიკაციის და ცენტრალური ნერვული სისტემის და სასუნთქი გზების დათრგუნვის რისკი.

◣არ მიიღოთ სხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან ერთად. მისი არევა სტიმულანტებთან (MDMA, ექსტაზი, ამფეტამინი) ოპიატების ჯგუფის ნარკოტიკულ საშუალებებთან ზრდის ზედოზირების რისკს.

◣არ დარჩეთ მარტო GHB-ის მოქმედების დროს;

◣არ მიიღოთ GHB თუ გაწუხებთ გული, თირკმელი ან გაქვთ ეპილეფსიური შეტევები.

◣კრუნჩხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ბენზოდიაზეპინების ჯგუფის პრეპარატებს, მაგალითად დიაზეპამი (ვალიუმი), რომლებიც ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველები არიან, მაგრამ GHB-ის აგონისტებიც არიან და ამ უკანასკნელის მოქმედების გაუვნებელყოფა შეუძლიათ.

◣ყველაზე მძიმე პერიოდი მიღებიდან 20-120 წუთის განმავლობაშია”

ზედოზირების შესახებ “ფეისბუკის” გვერდზე წერს ექიმი ნარკოლიგი ზურაბ სიხარულიძეც.

იგი განმარტავს, რომ ზედოზირების ნიშნების დროს აუცილებელია სასწრაფო დახმარების გამოძარება და მნიშვნელოვანია, ექიმებს დაწვრილებით აღუწეროთ, თუ რა ნივთიერება მიიღო ადამაინმა.

ზურაბ სიხარულიძე ასევე წერს, რომ ზედოზირების ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს როგორც მიღებიდან 5-10 წუთში, ასევე მოაგვიანებითაც – 30 წუთიდან – 5-6 საათის შემდეგ. ექიმის თქმით, ვერასოდეს გამოთვლი, დაგემართება თუ არა ზედოზირება და ვერ შეძლებ მისი თავიდან აცილებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი